ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2018 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა აღარ ექნება

2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა აღარ ექნება, – ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.

მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

ასევე, განვმარტავთ, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006 წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1-ელ იანვრამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში 2014 წლის 1-ლი მარტიდან შევიდა ძალაში”- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იტვირთბა....