მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით, დასავლეთის ექსპერტების აზრი გაიყო, თუმცა ისინი ერთ რამეში თანხმდებიან – კიევიდან წამოსული ახალი ამბები იმედგაცურებას იწვევს. “atlantic council”-ს ცენტრმა, ანუ საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც უშუალოდ კონცენტრირებულნი არიან უკრაინის თემაზე, კვლევა მოამზადეს, – ამის შესახებ ინფორმაციას “ამერიკის ხმა” ავრცელებს.
“როგორც ჩანს, პოროშენკო უკვე ემზადება 2019 წლის არჩევნებისთვის და იმასაც ფიქრობს, არ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაკარგოს”- ასეთი აზრი გამოთქვა ანალიტიკური ცენტრის მკვლევარმა, მაქსიმ ერისთავმა. ამასთან, პენტაგონის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ, მაიკ კარპენტერმა, რომელიც უშუალოდ უკრაინის თემაზე მუშაობს და ახლა უკვე ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელია, აღნიშნა, რომ სააკაშვილისა და უკრაინის ხელისუფლების დაპირისპირება დღეს მხოლოდ რუსეთს აწყობს.
ამერიკის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, უილიამ ტეილორმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე უკრაინა მართავს ორ ომს: პირველი-რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო მეორე-კორუფციის წინააღმდეგ:
“მესამე ომი – საკუთარი თავის წინააღდეგ, მას არ სჭირდება. უკრაინულ არმიაში ბევრი რუსი მსახურობს. უკრაინელები მოითხოვენ სამართლიან მთვარობას. პოლიტიკოსებმა უნდა მისცენ უფლება ამომრჩევლებს თავად განსაზღვრონ ვინ მოვიდეს ქვეყნის სათავეში”-განაცხადა ტეილორმა.
ცნობილი ჟურნალის, “ბიზნეს უკრაინას” გამომცემელმა პიტერ დიკენსონმა განაცხადა, რომ ის, რაც კიევში მოხდა, როცა სააკაშვილი ჯერ დაიჭირეს და მერე მისმა მომხრეებმა გაათავისუფლეს, უდიდესი დარტყმაა პოროშენკოს იმიჯზე:
“ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთი მხრივ მონდომებულია ძალა გამოიყენოს, მეორეს მხრივ კი არ ძალუძს ეს კომპეტენტურად გააკეთოს. ჩემი ვარაუდით, მთლიანობაში, უკრაინის მთავრობის მიმართ მთელი დასავლეთი იმედგაცრუებული დარჩება და კრიტიკა უფრო მოიმატებს”-აცხადებს დიკენსონი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მთავრობის მიერ ძებნილად არის გამოცხადებული და მას რამდენიმე მუხლით, მათ შორის, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის აქვს ბრალი წაყენებული. ამის პარალელურად, სააკაშვილი რადასთან აქციებს მართავს და პოროშენკოს იმპიჩმენტს მოითხოვს.