ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერი ლევან ხაბეიშვილს პასუხობს: მიუღებელია გაკოტრებული პარტიის მიერ გაკეთებული განცხადებები

თბილისის მერი კახა კალაძე საახალწლო განათებებთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრების კრიტიკას გამოეხმაურა. მისი თქმით, კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას და ყოფილი მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სწორია.

“მე მართლა მაქვს ამბიცია, რომ ჩემი დედაქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე განათებული მსოფლიო ქალაქებს შორის, ამიტომ ნამდვილად მიუღებელია ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ გაკოტრებული პარტიის წარმომადგენლებისგან”- აღნიშნა კალაძემ.

მერმა განმარტა, რომ იტალიურმა კომპანიამ გასულ წელს საახალწლოდ ლონდონი მორთო და აღიარებაც დაიმსახურა, შესაბამისად, კალაძის განცხადებით, მასაც აქვს პრეტენზია, რომ თბილისი იყოს საუკეთესოდ მორთული.

“მე უფლებამოსილებას შევუდექი ნოემბრიდან, ეს ხელშეკრულება გაფორმებული იყო სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება იყო. კანონი არ კრძალავს ერთ პირთან მოლაპარაკებას მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანია, რომელთანაც იქნა გაფორმებული 620 000 ევროს ხელშეკრულება, ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. სხვათაშორის, გასულ წელს ამ კომპანიის მიერ იქნა მორთული ლონდონი წინასაახალწლოდ და მან მიიღო აღიარება, რომ საუკეთესოდ მორთული იყო ინგლისის დედაქალაქი. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და ყველაზე ლამაზი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომდევნო წლებში უფრო მეტი იქნება გაკეთებული, რომ საახალწლო განათებები უფრო ეფექტური და ლამაზი იყოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცადა, რომ თბილისში საახალწლო განათებების შესაძენად შერჩეული კომპანია თბილისის მერიამ კორუფციული სქემის მეშვეობით შეარჩია. მისი თქმით, კომპანია, რომელიც თბილისის მერიამ შეარჩია, არის იტალიური და მას ანგარიშები იტალიაში აქვს.

ხაბეიშვილის განმარტებით, საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილია 3 მილიონი ლარი და ეს არის იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ოდესმე დახარჯულა.

იტვირთბა....