საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ილია ტუღუშის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს და იმედოვნებს, რომ შემთხვევას უმოკლეს ვადაში გამოიძიებენ.
“მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.
გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მსაჯი ილია ტუღუში 6 დეკემბერს, მალთაყვის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.