დღევანდელ პრცესზე ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის სასამართლოში ნათქვამ სიტყვას გამოეხმაურა სასჯელაღსრულების სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ იქ, სადაც მამალაძეა მოთავსებული დახურული ტიპის დაწესებულებას განეკუთვნება, შესაბამისად, ბრალდებულები/მსჯავრდებულები რელიგიურ რიტუალებს აღასრულებენ საკუთარ საკნებში და დადგენილი წესის მიხედვით აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ სასულიერო პირებს.
“მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად შესაძლებლობა აქვს შეხვდეს სასულიერო პირებს, ისარგებლოს შესაბამისი საკულტო საგნებითა და შესაბამისი ლიტერატურით.
რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, სადაც ის რელიგიურ შესამოსელზე საუბრობს, უწყება განმარტავს, რომ N9 პენიტენციური დაწესებულების დებულებით უსაფრთხოებისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე დეტალურად და ამომწურავად არის დადგენილი ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთების, რომლებიც შესაძლებელია ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად. აღნიშნული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს რელიგიური შესამოსელის გადაცემის და გამოყენების შესაძლებლობას”- აცხადებენ სასჯელაღსრულების სამინისტროში.
შეგახსენებთ, დღევანდელ პროცესზე დეკანოზმა მამალაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მის რელიგიურ დისკრიმინაციას ახდენს.
“დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და, ასევე, უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში აღსრულებულ მსახურებაზე დავესწრო. სამწუხაროდ, მე დღეს დასჯილი ვარ არა დანაშაულის გამო, არამედ იმისთვის, რომ მისმა უწმინდესობამ ჩემი თანამდებობაზე დანიშვნით, ცალკეულ პირებს შეუზღუდა ეკლესიის ქონებებში უხეში ჩარევა”- აღნიშნა დეკანოზმა პროცესზე.