საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმები “ვარდების რევოლუციის” კვალდაკვალ დაიწყო, თუმცა უკვე თითქმის 15 წლის შემდეგ, სისტემის ფუნდამენტურ ხარვეზებზე საუბარი კვლავ გრძელდება. 51-ე სკოლასთან დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება სკოლის, როგორც არამხოლოდ განათლების მიმცემი, არამედ აღმზრდელი ინსტიტუტის შესაძლო უფუნქციობის წინაშე დააყენა. რა სჭირდება თანამედროვე სკოლას იმისთვის, რომ მხოლოდ ცოდნა არ მისცეს ბავშვებს და პიროვნებებად ჩამოყალიბებაში შეუწყოს ხელი? რა სჭირდება ქართულ განათლების სისტემას, რომ 21-ე საუკუნის გამოწვევებს გაუმკლავდეს? “მეტრონომთან” 24-ე სკოლის დირექტორი, გია მურღულია საუბრობს.
“მეტრონომი”: რა უმთავრესი რეფორმებია გასატარებელი სკოლებში?
გია მურღულია: ნამდვილი რეფორმა ის არის, რომელიც ჩვენ ბავშვებს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის მოამზადებს. აქ ორი უმთავრესი საკითხია: ჯერ არნახული შესაძლებლობების და კონკურენციის საუკუნეა. რეფორმა უნდა მომზადდეს ისე, რომ ამ ორ გამოწვევას ქართულმა სკოლამ უპასუხოს.
“მეტრონომი”: რა პრობლემებს ვაწყდებით რეფორმების გატარებისას?
გია მურღულია: ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ კარგი დოკუმენტები მივიღოთ, არამედ – როგორ განვახორცილებეთ იმ გადაწყვეტილებებს, რაც ამ დოკუმენტებში წერია. მაგალითად, ჩვენ გვაქვს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რაც მთავარი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების უმთავრეს დაკვეთას სკოლის მიმართ. აქ ურიგო ამბები არ წერია, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ იმპლემენტაციის, ანუ დანერგვის დონეზე ბევრი პრობლემა გვაქვს. რეფორმა უნდა გულისხმობდეს დანერგვის მაღალ ხარისხს, რაც მოიცავს ოპერატიულ გადაწყვეტილებებს და იმ ადამიანების მაღალ კომპეტენციას, რომლებიც ჩართულნი არიან ამ საქმეში. ვგულისხმობ სკოლების ადმინისტრაციებს, პედაგოგების კორპუსს და ა.შ.
“მეტრონომი”: როგორი უნდა იყოს თანამედროვე განათლების სისტემა?
გია მურღულია: თანამედროვე განათლება განსხვავდება იმ კლასიკური წარმოდგენისგან, რაც ჩვენ გვაქვს და რიგ შემთხვევებში, რაც გადმოგვყვა. მნიშვნელოვან ფუნქციას უნდა ასრულებდეს ვირტუალური განათლება. შესაძლოა ერთ ათ წელიწადში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები იმ სახით, როგორც ვიცნობთ, აღარც დარჩნენ, რადგან არსებობს ვირტუალური უნივერსიტეტები, სკოლები და პროგრამები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ყველა ის დოკუმენტი, რომელიც იუნესკომ, საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა მიიღეს და ჩვენც ვიცით ეს, გულისხმობს იმას, რომ ადამიანმა ვერ მიაღწია ბედნიერებას მხოლოდ ინტელექტუალური განვითარებით. თუ მისი ემოციური განვითარება ფეხს არ აუწყობს ინტელექტუალურ განვითარებას, მოგვიმრავლდებიან მცოდნე, მაგრამ შესაძლოა უბედური ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ კომუნიკაციას ერთმანეთთან. ამიტომ აღზრდის სისტემის ჩამოყალიბება ძალიან მნიშვნელოვან ამოცანად მესახება. ადამიანის ჩამოყალიბება პიროვნებად, მეჩვენება, რომ სკოლის მიღმა მდგომ ამოცანად რჩება, რაც ცუდია და ამას უნდა მივხედოთ.
“მეტრონომი”: 51-ე სკოლასთან განვითარებული ტრაგედია, ალბათ, სწორედ ამ თემას ეხება-სკოლის მიერ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების აუცილებლობას. რა დაეხმარება სკოლას ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებასა და ამ შემთხვევაში-დანაშაულებრივი მისწრაფების შემცირებაში?
გია მურღულია: მანდატურიც, პატრულიც-დამხმარე საშუალებებია. ეს კომპონენტები გამოყენებული უნდა იყოს, მაგრამ ყველაზე უკეთ მუშაობს ის იმპულსები, რომელიც ადამიანის სულსა და გონებაში იბადება. ამიტომ, აღზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თვითონ ადამიანში უნდა იყოს ისეთი ემოციები, ღირებულებათა სისტემა ჩამოყალიბებული, რომელიც ბუნებრივად და არამხოლოდ გარეგნულად, ძალდატანებით, იმ საშინელ იმპულსებს გამორიცხავს, რომელთა ამოფრქვევის მოწმენიც ამ ბოლო დღეებში გავხდით. ქართული საზოგადოება ამან სამართლიანად შეძრა, თუმცა ჩვენ არ გვახასიათებს სისტემური აღქმა პრობლემების და რატომღაც მგონია, რომ ამ შემთხვევაშიც ისე მოვიქცევით, როგორც ადრე მოვქცეულვართ- უბრალოდ, დავივიწყებთ პრობლემას. პრობლემის გადაწყვეტას მისი დავიწყება გვირჩევნია. მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას – მოკლე სოციალური მეხსიერებისგან გათავისუფლდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი პრობლემები მუდმივად გვექნება.
ავტორი: მანა ნოდია