საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, საქმეში არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რაც დაკავებულ პირთა ბრალეულობას ადასტურებს.
პროკურორი სრულწლოვან პირთა პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს, რაც შეეხება არასრულწლოვანს, პროკურატურა მოითხოვს, ის მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიცეს, ხოლო 21 წლამდე პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდეს.
ჟურნალისტებთან საუბრისას პროკურორი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, საქმეში ფიგურანტი პირები არიან დაკითხულნი ან არიან დაკავებულნი. პროკურორი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმის დეტალებზე არ საუბრობს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, დაკავებულ პირთა ადვოკატები აცხადებენ, რომ ისინი სრულად ითანამშრომლებენ გამოძიებასთან და არ არსებობს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მხრიდან საქმეზე რაიმე ზეგავლების მოხდენის საფრთხე. ამიტომ სასამართლოს მიმართავენ შუამდგომლობით, რომ დაკავებული პირები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
განცხადება ასევე გააკეთა ერთ-ერთი დაკავებულის, შინაგან საქმეთა ყოფილი თანამშრომლის, თ.კ-ს უფლებადამცველმა დარეჯან ბუცხრიკიძემ, რომლის განმარტებითაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უბრალოდ ვერ შეძლო მომხდართან დაკავშირებით ეცნობებინა შესაბამისი უწყებებისთვის, ხოლო მტკიცებულებების განადგურებას რაც შეეხება, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთ-ერთ ბრალდებულს უბრალოდ ცხვირიდან სისხლი მოწმინდა.