ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

სად წავლენ ციხის შემდეგ ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი: ექსკლუზიური ინტერვიუ თეა თუთბერიძესთან

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევის გადაწყვეტილება გამოაცხადა, აქტუალური გახდა მისი ციხიდან გამოშვების საკითხი.

მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე აცხადებს, რომ სასამართლომ დაადგინა ყოფილი შს მინისტრის უკანონო პატიმრობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია, შესაბამისად, ის ამბობს, რომ როგორც სხვა ქვეყნებში მსგავსი მუხლის დარღვევის დადგენის შემდეგ პატიმრები გამოუშვეს, ასევე უნდა გაათავისუფლონ ვანო მერაბიშვილიც.

მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მას გარეთ უკვე ორად გაყოფილი „ნაციონალური მოძრაობა“ დახვდება. „მეტრონომი“ დაინტერესდა, პოლიტიკაში დაბრუნებისას, თუ საით გადაიხრება ყოფილი მინისტრი, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი გავლენიანი და წონიანი პერსონა იყო. „მეტრონომი“ თეა თუთბერიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ისაუბრა, როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, ასევე მერაბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე და იმაზე, თუ რომელი პარტიის პლატფორმა უფრო მისაღებია მისთვის.

ინტერვიუში ასევე გაიგებთ, საით შეიძლება გადაიხაროს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია ციხიდან გამოსვლის შემდეგ – „ევროპულ საქართველოსკენ“ თუ „ნაციონალურ მოძრაობისკენ“.

თუთბერიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მას მერაბიშვილთან ბევრი შეკითხვა აქვს, რომელსაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად დაუსვამს:

„მეტრონომი“: როგორ შეაფასებთ ვანო მერაბიშვილის მიმართ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას? ერთი მხრივ, ოთარ კახიძე ამბობს, რომ განაჩენი მერაბიშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ადასტურებს, ხოლო თეა წულუკიანი საპირისპიროს ამტკიცებს. ორივე მხარე გამარჯვებულის პოზიციიდან გვესაუბრება. როგორ გესმით თქვენ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება?

თეა თუთბერიძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება სექსი არ არის, რომ ორივე მხარე კმაყოფილი იყოს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენი ქვეყნის მომავალზე და იმიჯზე. სამწუხაროდ, წულუკიანი რომ ქვეყნის იუსტიციის მინისტრია, ეს ჩემი ქვეყნისთვის ტრაგედიაა. დავიწყოთ იმით, რომ სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილელებებში არასოდეს წერს და არ იყენებს ამ ტერმინს – პოლიტიკური პატიმარი. მე-18 მუხლის დადგენა ნიშნავს, რომ პირის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება წარიმართა, დაირღვა მისი, როგორც ამადამიანის უფლებები და ეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ციხეში პოლიტიკური ნიშნითაა ჩასმული.

სტრასბურგის გადაწყვეტილებას რომ თავი დავანებოთ, მოდი, მოვლენებს რეალურად მივყვეთ: ჰყავს თუ არა ქვეყანას პოლიტიკური პატიმრები? მერაბიშვილის მიმართ ბევრი კითხვა მაქვს და როცა ის დატოვებს საპატიმროს, შემდეგ ვაპირებ დავსვა ძალიან ბევრი კითხვა მის მიმართ. თუმცა ნამდვილად ვთვლი, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარია და არა მხოლოდ მე, ამას სტრასბურგის გადაწყვეტილებაც ადასტურებს. მარტო მერაბიშვილი არ გახლავთ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმარი, ქვეყანას ასეთები კიდევ ბევრი ჰყავს.

ყველაფერი დაიწყო 2012 წლის 6 ნოემბრიდან, როდესაც პროკურატურამ ბაჩო ახალაია დააკავა. ის იყო პირველი პოლიტპატიმარი ამ ხელისუფლების. ეს ყველაფერი გაგრძელდა გიგი კალანდაძით, ზურაბ შამათავათი, ალექსანდრე გორგაძით, ირაკლი ფირცხალავათი, ვანო მერაბიშვილით და ა.შ. ჯერ-ჯერობით, ბოლო პოლიტიკური პატიმარი ამ ხელისუფლების  გოგა ონიანია! 2012 წელს ჩვენ ვნახეთ დაკავებების სერიები, ეს იყო პირდაპირ პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერები. რამდენიც არ უნდა იძახოს წულუკიანმა, რომ პოლიტიკური ნიშნით ქვეყანაში არავის დევნიან და დევნიდნენ, ეს რეალურად არაფერს ცვლის და აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ის არის ცირკის მასხარა და სამწუხაროდ, ასეთ ადამიანს იუსტიციის მინისტრი ჰქვია დღევანდელ საქართველოში. რა თქმა უნდა, ვთვლი, რომ ვანო მერაბიშვილი უნდა გამოუშვან, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ნამდვილად ამ ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარია. თუნდაც ავიღოთ აბსოლუტურად ჩვეულებრივი სისხლის სამართლის საქმე. თუკი ხელისუფლება დაარღვევს ადამიანის უფლებებს და ნებისმიერი ადამიანის დაკავება მოხდება პროცესუალური ნორმების დარღვევით, იმის მიუხედავად, თუ რა დანაშაული ჩაიდინა მან, ეს უკვე მეათეხარისხოვანი ხდება და ის ადამიანი ითვლება უკანონო პატიმრად, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი უნდა განთავისუფლდეს. შესაბამისად, ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ადამიანებს უშვებენ გარეთ.

კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და კითხვები ვანო მერაბიშვილის მიმართ. ეს კითხვები დავსვი ჯერ კიდევ 2012-13 წლებში, მათ შორის იმ ე.წ. წამებისკადრებთან და ციხის ვიდეოებთან დაკავშირებით, სადაც თითქოს ნაჩვენებია კონკრეტული პატიმრების წამება და დღეს, მგონი თავად”ქოცების” მხარდამჭერებსაც აღარ ეპარებათ ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ფაბრიკაციაა, „კარანტინის“ კადრის გარდა, თუმცა, ისიც არ მომხდარა შემთხვევით. ამ ვიდეოს გადაღებას აქვს თავისი ისტორია, სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს ვანოს მიმართ კითხვები.

რა ისტორია?

– ზუსტად ვიცი, როგორ დაურეკეს ადამიანებს და მიიყვანეს „კარანტინის“ დასაშლელად, სად იყვნენეს ადამიანები მანამდე, რატომ გამოიძახეს ისინი სამსახურში, როცა მათ იმ დღეს არანაირი ციხეში შესვლის გეგმა არ ჰქონდათ. ერთ-ერთ მათგანს შვილი შეეძინა და აპირებდნენ რესტორანში საქეიფოდ წასვლას. ეს არ ამართლებს თავად ფაქტს, მაგრამ კითხვა არის შემდეგი – ჰქონდა თუ არა შს მინისტრს ინფორმაცია იმაზე, რომ ხდებოდა ვიდეოგადაღებები. ვერავინ დამაჯერებს, რომ ამაზე მერაბიშვილს ინფორმაცია არ ჰქონდა. მე ზუსტად ვიცი, რომ მერაბიშვილი იყო ინფორმირებული პრეზიდენტის წარმომადგენლის ციხეში შესვლა-გამოსვლაზე. მაგალითად, მაშინ, როცა მე ციხეებში მონიტორინგზე შევდიოდი. ასე, რომ იქ ვიღაცა შევიდა, კადრები გამოიტანა და „ქოცებს“ მიაწოდა, ეგრე არ ხდება.

იმ შემთხვევაში თუ ვანო მერაბიშვილი გამოვიდა, ოთარ კახიძემ თქვა, რომ მას ელოდებიან „ევროპულ საქართველოშიც“ და „ნაციონალურ მოძრაობაშიც“, თქვენი აზრით, საით გადაიხრება მერაბიშვილი და რა ამინდს შექმნის ის ქართულ პოლიტიკაში?

– ლელა კაკულიას ფუნქციას ნამდვილად ვერ შევითავსებ, არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ როცა ის ციხეს დატოვებს, მას შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მერაბიშვილი დაბრუნდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ამის მოლოდინი ნაკლებად მაქვს.

– თუმცა, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ელენე ხოშტარიას თქმით, თუ მერაბიშვილი „ევროპულ საქართველოში“ მივა, ის პარტიას დატოვებს.

– არ ვიცი ის რას ამბობს, არ მგონია ხოშტარიაზე იდგას პარტია. მე მარტივი რაღაც მაინტერესებს, მათ შორის ხოშტარიასთან მიმართებით. ის წინა ხელისუფლების დროს იყო თანამდებობაზე, არ იყო ჩვეულებრივი, მისაღებში დასაქმებული პირი ან დამლაგებელი, რომელიღაც სამინისტროში. ის იყო თანამდებობაზე, ემსახურებოდა მანქანა, ჰქონდა საკმაოდ მაღალი ხელფასი, იჯდა სამუშაო კაბინეტში და ა.შ. რატომ მაშინ არ ჰქონდა პროტესტი იმ საკითხებთან მიმართებაში, რაზეც ის დღეს საუბრობს? ეს არის პირველი კითხვა ჩემი მხრიდან და მეორეა, რატომ იხდის ის ხშირად ბოდიშს ისეთ საკითხებზე, რასთანაც მას საერთოდ არ ჰქონია შეხება. თუ თვლიდა, რომ კონკრეტული საკითხები მიუღებელი იყო, მაშინ უნდა გამოეჩინა პრინციპული პოზიცია და თანამდებობა დაეტოვებინა. თუ არადა, ვთვლი, რომ ძალიან არასერიოზულად გამოიყურება ბოდიში მოიხადოს კონკრეტული ადამიანების მიერ გაკეთებულ საქმეებზე, რომლებიც რეალურად საქმეს აკეთებდნენ. მათ შორის, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ძალოვან უწყებებში მუშაობდნენ, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს ყოველდღიურად აყენებდნენ რისკის ქვეშ, განსხვავებით ელენე ხოშტარიასგან.

– მოდი, ბაჩო ახალაიაზეც ვისაუბროთ. ცნობილი ფაქტია, რომ ის თქვენი მეგობარია. რაიმე ახალი ხომ არ არის მის საქმეზე?

– ეს ადამიანი ამ ხელისუფლების პირველი პოლიტპატიმარია. ბაჩო არის ძალიან შრომისმოყვარე ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ეს პერიოდი უკანონოდაა ციხეში გამომწყვდეული და ამ ხელისუფლების ტყვეა, მას ერთი დღეც არ შეუწყვეტია მუშაობა და აკეთებს ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ციხიდან ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ჯარისკაცების განათლების და ცოდნის დონის ასამაღლებლად. იმედი მაქვს, რომ მომავალში მისი ნაშრომები ძალიან დაეხმარება ჩვენი ქვეყნის თავდაცვას და ჯარისკაცებს.

ძალიან რთულია ჩემთვის ბაჩოს ოჯახის მდგომარეობა. ვიცით, რომ ბაჩოს დედა დაიღუპა. ეს კიდევ უფრო მძიმეა თავად ბაჩოსთვის, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ის არ გატყდება და გაუძლებს ამ ტრაგედიას.

რადგან ვანო მერაბიშვილზე ვთქვით, ბაჩო ახალაიაზეც თუ შეგიძლიათ გვითხრათ როგორც მისმა მეგობარმა, საით გადაიხრება ის პოლიტიკაში დაბრუნებისას – „ევროპული საქართველოსკენ“ თუ „ნაციონალური მოძრაობისკენ“?

– ზუსტად შემიძლია გითხრაც, ის არ წავა „ევროპულ საქართველოში“. ამაში 100%-ით ვარ დარწმუნებული.

– რატომ?

– სანამ ქვეყნის სათავეში ეს ხელისუფლებაა, არ მსურს ამ თემას უფრო ღრმად ჩავყვე. როდესაც ჩვენ შევცვლით ამ მოღალატე ხელისუფლებას, რომელიც დღეს გვყავს, ამის შემდეგ შეგვიძლია ძალიან ბევრი დისკურსია გავმართოთ, მათ შორის „ევროპულ საქართველოსათანაც“.

– თუ შეგიძლიათ, რაიმე ერთი მიზეზი მაინც დაგვისახელოთ…

– ეს არის განსხვავებული ხედვები, მიდგომები, პოზიციები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ის ყოველთვის იყო დაკავებული საქმის კეთებით და არა პიარით. საბოლოო ჯამში, რამაც პრინციპში მის გამონსტრებაზე ძალიან კარგად იმუშავა და იმ შავ პიარზე, რომელიც მასთან მიმართებაში იყო რუსული სპეცსამსახურების მხრიდან, თუ ე.წ. კანონიერი ქურდებისა და კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან. ამ ყველაფერს ხელს უწყობდნენ და გამავრცელებლები იყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ „ნაციონაურ მოძრაობაში“.

– ბოლოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, თუ ის უკრაინაში დააკავეს და მისი საქართველოში ექსტრადიცია მოხდა, როგორ განვითარდება საქართველოში მოვლენები, როგორ ფიქრობთ?

– უკრაინას ძალიან გაუჭირდება საქართველოსთვის სააკაშვილის გადმოცემა. საქართველოში პოლიტიკური დევნა რომ არსებობს მის მიმართ, აშკარაა პირველი დღეებიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა მმართველობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება სასამართლოში სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, ეს ბრალდებები არის სამარცხვინო.

ვფიქრობ, თუ პოროშენკო „დაიკიდებს“ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო კანონმდებლობას და მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადასცემს, ეს არათუ მხოლოდ პოროშენკოსთვის დასრულდება ძალიან ცუდად, არამედ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცუდად დასრულდება „ქართული ოცნებისთვისაც“. მათ დღეს ყველაზე მეტად არ უნდათ სააკაშვილი საქართველოში, რადგან ძალიან კარგად იციან თუ რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. ვნახოთ როგორ განვითადება მოვლენები.

 

იტვირთბა....