თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის ინტერესებს სხდომაზე სავალდებულო წესით დანიშნული სახაზინო ადვოკატი იცავდა. როგორც ადვოკატმა სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, არასრულწლოვნის ოჯახის წევრები არ დაკითხულან.
ადვოკატის თქმით, მოზარდი გაქცეული არ არის, უბრალოდ მისი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. ჯაფარიძე აცხადებს, რომ კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ის კომენტარს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ვერ აკეთებს.
“სავალდებულო წესით ვიცავ მის ინტერესებს. კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავაკეთებ კომენტარს. ვიცავ იმ არასრულწლოვანს, რომელსაც დაუსწრებლად აქვს ბრალი წარდგენა. ოჯახის წევრები ამ დრომდე არ არიან დაკითხულები. არასრულწლოვნის ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხდება”, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ დეკემბერს 51-ე სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირებს 2 არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე კი სიცოცხლეს 23 სააათის განმავლობაში ებრძოდა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავა, რომელსაც ბრალი უკვე წაუყენეს. ასევე იძებნება კიდევ ერთი მოზარდი, რომელიც მეორე გარდაცვლილის დავით სალარიძის განზრახ მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. შსს-მ დღეს ასევე სამი პირი დააკავა, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ ბრალი. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.