სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით უწყებათაშორისო საბჭოს შექმნა დაგვიანებულია. თუმცა მისივე თქმით, კარგია, რომ რეაგირება მაინც მოხდა.
ნანუაშვილის შეფასებით, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა კომპლექსური მიდგომა, როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე საზოგადოების მხრიდან.
„მე ვფიქრობ, რომ ეს არის დაგვიანებული, მაგრამ კარგია, რომ მოხდა ასეთი რეაგირება და სახელმწიფომ, იმედი მაქვს გაისიგრძეგანა ის პრობლემა, რომელიც ამ კუთხით არსებობს ქვეყანაში. ჩვენ სპეციალური ანგარიშიც მოვამზადეთ რამდენიმე თვის წინ, სადაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ აუცილებელია კომპლექსური მიდგომა. მხოლოდ ერთ უწყებას, თუნდაც განათლების სისტემას, არ შეუძლია ამ პრობლემის მოგვარება და სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთიანი პოლიტიკა შემუშავებული და სწორედ აქ ვხედავთ ჩვენ გამოწვევას.
აუცილებელია პრობლემის მოსაგვარებლად იყოს მთელი რიგი სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მოქმედება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართვა, უშუალოდ სკოლის მასწავლებლების, მშობლების მონაწილეობა ამ პროცესში. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ზოგადად სკოლებში ძალადობის კუთხით მდგომარეობა საგანგაშოა. ის, რომ სისტემური ხასიათი ჰქონდა ბულინგს სკოლაში, სისტემური ხასიათს ჰქონდა ძალადობას და ამაზე რეაგირება შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან არ ხდებოდა, ეს არის სამწუხაროდ ის რეალობა, რომელზეც ვსაუბრობდით და რომელსაც სამწუხაროდ არ მოჰყოლია ადეკვატური რეაგირება“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგადად ბავშვებში ძალადობაზე და მომხდარ ფაქტზე პასუხისმგებელია, როგორც სკოლა და განათლების სამინისტრო, ასევე სახელმწიფო და მედია.
„პასუხისმგებელი არის ყველა, რა თქმა უნდა სკოლაც, მანდატურის სამსახურიც, განათლების სამინისტროც და შსს-ც, სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს ერთიანი პოლიტიკა შემუშავებული. რეალურად, როდესაც საზოგადოების ჩართულობაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ მედიის როლზეც უნდა ვისაუბროთ, რომელიც მთელ რიგ მომენტებთან დაკავშირებით, როდესაც ხდება ფაქტობრივად წახალისება და სტანდარტების დარღვევით გაშუქება მთელი რიგი საკითხების, სამწუხაროდ ხელს უწყობს ამ აგრესიის კულტივირებას, რაც, სამწუხაროდ, ქვეყანაში შეინიშნება უკვე წლების განმავლობაში“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.