თბილისის 51-ე საჯარო სკოლა, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
„თბილისის 51-ე საჯარო სკოლა თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და მათთან ერთად ჭირისუფალია ამ დიდი ტრაგედიისა. მიუხედავად იმისა, რომ თითოული მოსწავლე და პედაგოგი ღრმად დამწუხრებულია, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან. ჩვენი დიდი ინტერესია, სწორად და სამართლიანად წარიმართოს პროცესები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ოჯახებს, თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი პარასკევს საღამოს დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გუშინ, სამწუხაროდ მეორე მოზარდიც გარდაიცვალა.
შსს-ს ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რომელსაც სამართალდამცველები სწავლობენ. შსს-მ 2001 წელს დაბადებული ბრალდებული დააკავადა მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. თვითმხილველთა თქმით, სისხლიან გარჩევაში 15-ამდე მოზარდი მონაწილეობდა.