22 ნოემბერს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის შემდეგ, სულ უფრო მეტი კითხვები ჩნდება. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც საზოგადობაში გაჩნდა, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ხალიფატის დაშლის შემდეგ, მისი მებრძოლების, ეროვნებით ქართველების სამშობლოში დაბრუნება მოხდება და საქართველოში გაჩნდება გარკვეული საფრთხეები. არის თუ არა ჩვენი საზღვრები სრულად დაცული და რას ნიშნავს ე.წ. თეთრი დერეფანი და მწვანე ბილიკები, რომლითაც შესაძლოა ამ ადამიანებმა საქართველოში შემოსვლა შეძლონ. რამდენად მზად არის ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ამ ადამიანებისთვის წინააღმდეგობის გასაწევა შეძლონ? საერთოდ, არის თუ არა, და რა დოზით საინტერესო ტერორისტებისათვის კავკასია და კონკრეტულად ჩვენი ქვეყანა.
„მეტრონომთან“ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს საზღვრები ასეთი დაუცველიც არ არის, რომ ხალიფატის მებრძოლებმა თავისუფლად სიარული შეძლონ. მეორეც, თავად ჩვენს მეზობელ ქვეყანას თურქეთს არაფერში სჭირდება, რომ ISIS-ის მებრძოლებმა თავი საქართველოში მოიყარონ და თურქეთის თავისუფლად გადალახვის საშუალება მისცენ.
მათი აზრით, თავად ხალიფატის მებრძოლებისთვისაც საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა და ე.წ. მწვანე ბილიკებით, ანუ შემოვლითი გზებითაც გაზაფხულამდე შემოსვლას ვერ შეძლებენ, რადგანაც გზები უკვე ჩაკეტილია.
თადარიგის გენერალი და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ამირან სალუქვაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, უკვე არსებობდა მოლოდინები, რომ დაქსაქსული ჯგუფები გადაადგილებას დაიწყებდნენ. ამიტომ არსებობს გარკვეული საფრთხეები საქართველოს მიმართაც, რომ ეს ხალხი ჩვენი ქვეყნის მიმართულებითაც წამოვა.
სალუქვაძე აქვე დასძენს, რომ როგორც საქართველოს, ასევე მის მეზობლებს არ სურთ, რომ ამ ადამიანებმა საზღვრები ასე თავისუფლად გადალახონ და იმოძრაონ. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ სირიიდან თურქეთის გავლით, თუნდაც ქართული წარმომავლობის მქონე ადამიანებმა ასე თავისუფლად გადმოლახონ საზღვარი და სამშობლოში შემოვიდნენ.
ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს მოლოდინები ახალი არ არის და ხალიფატის სიძლიერის დაკარგვასთან ერთად, ეს საფრთხეები იკლებს, რადგანაც პატარ-პატარა ჯგუფების გადაადგილება ასე ადვილი ვერ იქნება.
„ხალიფატის პოზიციების უკან დახევის შემდეგ, მისი მებრძოლების პატარა ჯგუფები ყველაზე მეტად შუა აზიაში გააქტიურდნენ. ჯერჯერობით კავკასიის მიმართულებით მათი აქტიურობა ნაკლებია. რაც შეეხება საზღვრებს, მთა გადაკეტილია და გაზაფხულამდე შემოვლითი გზებით, ანუ ე.წ. მწვანე ბილიკებით, ვერავინ ვერც შემოვა და ვერც გავა.
ამიტომ, მედიამაც და საექსპერტო საზოგადოებამაც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ეს თემა ყოველდღიური განხილვის საგნად არ უნდა ვაქციოთ. ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის. გავიხსენოთ კარასინის განცხადება, რომ საქართველოდან ტერორისტების შემოსვლის შანსი არსებობს.
რა თქმა უნდა, რომ 22 ნოემბრის სპეცოპერაციაში პირველი, რუსეთის კვალზე ვფიქრობთ და ეჭვი პირველ რიგში, მათზე მიდის. ამ ყველაფერს გონივრული ანალიზი სჭირდება. რაც შეეხება საზღვრების დაცულობას. რა თქმა უნდა, მასიურად აქ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები ვერ დაბრუნდებიან. ეს რაც მოხდა ცალკეულ შემთხვევად უნდა განვიხილოთ.
თუმცა, არ ვამბობ იმას, რომ მსგავსი კიდევ არ განმეორდება. საიდან შემოვლენ? ჩვენს გარშემო 4 სახელმწიფოა და პლუს ზღვა. საუბარი იყო, რომ ეს ადამიანები თურქეთიდან შემოვიდნენ. კითხვა არ გვიჩნდება, აწყობს ამ ხალხს ახლა საქართველოში გაჩნდეს ტერორისტების ბუდე და აქ მოკალათდნენ? მეორეც ჩვენი საზღვრები ასეთი ღია არ არის“, – ამბობს სალუქვაძე „მეტრონომთან“.
მისი თქმით, შესაძლოა ბიზნესპარტნიორს არ ენდობოდე, მაგრამ მასთან თანამშრომლობდე, ასევეა სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაც. ანალიტიკოსის აზრით, ამიტომ არის, რომ თურქეთის თემით აპელირება, რომ იქიდან შესაძლოა ტერორისტები შემოვიდნენ სიტუაციას დაძაბავს.
გენერალი ვერ ხვდება რაში შეიძლება სჭირდებოდეს თურქულ სპეცსამსახურებს, რომ ჩატაევი საქართველოს დაეკავებინა, მაშინ ის თავად მოახდენდა მის განეიტრალებას. სალუქვაძე ამბობს, რომ ჩვენი საზღვრები ისეთი გამჭოლი არ არის და ქარი არ ქრის, რომ ტერორისტებმა ასე თავისუფლად იარონ პასპორტებით.
მითუმეტეს, ამ ადამიანების შესახებ ყველანაირი მონაცემები არსებობს და მათი გადაადგილება ასეთი ადვილი ვერ იქნება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩატაევი დიდი ალბათობით, ქვეყანაში აგვისტოში შემოვიდა მთებით, ე.წ. მწვანე ბილიკებით. მისი აზრით, მიუხეავად მისი ფიზიკური ნაკლისა ის ასეთი გზებით შემოსვლას მაინც შეძლებდა.
კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი ალეკი კვახაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ ე.წ. თეთრი დერეფანი და მწვანე ბილიკები, რომლითაც შესაძლოა საქართველოში ISIS-ის მებრძოლები შემოვიდნენ თეორიულ დონეზე შეიძლება განვიხილოთ, თუმცა პრაქტიკულად რამდენად შესაძლებელია ეს, სხვა საკითხია. მისი თქმით, ეროვნებით ქართველი ან ქისტი მებრძოლები, რომლებიც ხალიფატის რიგებში ირიცხებოდნენ, საქართველოში ორი საშუალებით შეიძლება შემოვიდნენ.
პირველი, ის არის, რომ ისინი შემოსვლას რომელიმე ძალოვანი სტრუქტურის დახმარებით შეძლებენ კონკრეტული მიზნებისთვის, ან ფინანსური დაინტერესებისთვის. კვახაძის თქმით, საქართველოში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც სამშობლოში დაბრუნებული ეს ადამიანები დაისჯებიან და ათი წლით ციხეში მოხვდებიან.
კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ ე.წ. თეთრი დერეფანი სწორედ ამას ნიშნავს, რომ ძალოვან სტრქუტურებში კორუფციაა და ეს ადამიანები მათი დახმარებით საქართველოში შემოვიდნენ. თუმცა, კვახაძეს მიაჩნია, რომ საქართველო ამ ადამიანებისთვის უსაფრთხო ქვეყანა არ არის და თავშესაფრისთვის უფრო არაბულ ქვეყნებს შეარჩევენ.
„საქართველოს საზღვრები ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ დაცულია და ჩვენი მესაზღვრეები კვალიფიციური თანამშრომლები არიან. ერთი ვარიანტი ამ ხალხის სამშობლოში შემოსვლის არსებობს, რომ ისინი თავად სპეცსამსახურების დახმარებით კონკრეტული მიზნებით შემოვიდნენ.
რაც შეეხება მათ შემოყვანას, ეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ორ შემთხვევაში ხდება, პირველი ეს არის, რომ ეს ადამიანები მტრის წინააღმდეგ გამოიყენოს. ამ შემთხვევაში რუსეთს ვგულისხმობ. მეორე ვარიანტში, ადგილი კონკრეტულ მაღალჩინოსანთან კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს ადგილი. დაახლოებით ისეთი, როგორიც პანკისის ხეობაში შევარდნაძის დროს ხდებოდა.
თუმცა, ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ რუსეთი არ გააღიზიანოს და ბრძოლაში მათ არ გამოიყენებს. რჩება ერთადერთი ვარიანტი, რომ ეს ადამიანები ფინანსური დაინტერესების დონეზე, კონკრეტულმა ძალოვანმა თანამშრომლებმა შემოიყვანონ. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ საზღვარზე შემოიპარონ ე.წ. მწვანე ბილიკებით.
ეს არის აზერბაიჯანის საზღვართან არსებული ტერიტორია, სადაც დედოფლისწყაროს მიმდებარე ტერიტორია იგულისხმება, რომელიც მოცულობით დიდია და მისი ასი პროცენტით კონტროლი ჭირს. ჯამში, მაინც ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს საზღვრები უკონტროლო გვაქვს და იქიდან ტერორისტებს თავისუფალი მოძრაობა შეუძლიათ. ორივე შემთხვევაში მაინც პრობლემა გვაქვს. თუმცა, ჩატაევის შემთხვევაში ბევრი კითხვები არსებობს. ადამიანმა იქირაოს ბინა, რომელიც უსაფრთხოების სამსახურის დაკვირვების ქვეშ არა ერთხელ ყოფილა, ცოტა ალოგიკურია“, – ამბობს კვახაძე „მეტრონომთან“.
ავტორი: ელზა პაპოშვილი