საკონსტიტუციო სასამართლომ საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზებას ეხება, დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებული სარჩელი მოქალაქე გივი შანიძემ “გირჩის”დახმარებით შეიტანა. გადაწყვეტილების შესახებ სრულად ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს:
2017 წლის 30 ნოემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს მოქალაქის გივი შანიძის კონსტიტუციური სარჩელი (რეგისტრაციის №732) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
კონსტიტუციური სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც ითვალისწინებდა პასუხისგებლობას ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.
კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების შემდგომ, 2017 წლის 26 ივლისს, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით სადავო ნორმაში შევიდა ცვლილება. თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731 მუხლის მოქმედი რედაქცია სისხლის სამართლის წესით კვლავაც დასჯადად აცხადებს მარიხუანის განმეორებით მოხმარებას და არსებითად იმეორებს სადავო ნორმის გასაჩივრებული რედაქციის ნორმატიულ შინაარსს. ვინაიდან, განხორციელებული ცვლილების მიუხედავად, კვლავაც არსებობდა მოსარჩელეთა უფლების დარღვევის საფრთხე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გაეგრძელებინა სამართალწარმოება და შეეფასებინა ძალადაკარგული ნორმის ნორმატიული შინაარსი.
მოსარჩელის განმარტებით, მარიხუანის მოხმარება შეიძლება მოხდეს როგორც სამედიცინო, ასევე გართობის მიზნით. პირის უფლება საკუთარი სურვილისამებრ შეარჩიოს განტვირთვისა და დასვენების მისთვის მისაღები ფორმა და საშუალება, დაცულია პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების ჩარევისგან აბსოლუტურად დაცული სფეროთი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარება არ წარმოადგენს საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ ქმედებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს. ამასთან, ვინაიდან მარიხუანის მოხმარებით ადამიანის ჯანმრთელობას შეიძლება მიადგეს გარკვეული ზიანი, სასამართლომ აღნიშნული უფლების შეზღუდვა დასაშვებად მიიჩნია ისეთი ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა მაგალითად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და სხვა.
მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ან აბსტინენციის მდგომარეობაში ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების ინდივიდუალური შემთხვევების დასჯადობა ვერ იქნება განხილული როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ვარგისი საშუალება. ასევე, მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა მეცნიერულ კვლევებზე დამყარებული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მარიხუანა, თავისი ბიოლოგიური თუ ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე, იწვევს სხვა ნარკოტიკულ საშუალებაზე მოთხოვნილების ჩამოყალიბებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ცალკე აღებული მარიხუანის მოხმარების ფაქტი, აღნიშნული ქმედების ბუნებიდან გამომდინარე, ნაკლები საფრთხის შემცველია საჯარო ინტერესისთვის, რადგან ამ დროს მცირეა ნარკოტიკული საშუალების გავრცელების შესაძლებლობა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას წინ უძღვის მისი შეძენა ან/და დამზადება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარების აკრძალვა წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისკენ გადადგმულ ნაბიჯს, თუმცა სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება იმ მიზნით რომ პირმა არ დააზიანოს საკუთარი ჯანმრთელობა წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლს, ვინაიდან იგი სისხლისსამართლებრივი წესით ბლანკეტურად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აწესებს სისხლისსამართლებივ პასუხისმგებლობას მარიხუანის განმეორებით მოხმარებისთვის მოხმარების ადგილის, ვითარების და სუბიექტის, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის რეალურობის მიუხედავად.
გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (კონსტიტუციური სარჩელი №732) მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.
დავის საგანი: საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.” ნათქვამია სასამართლოს ინფორმაციაში.