ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 37 აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევაზე გადაიყვანეს

თბილისის ერთ-ერთი საბავშვო ბაღის ყველა აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევაზე მიიყვანეს, რადგან ცნობილი გახდა, რომ მათ აღმზრდელს სწორედ ამ დაავადების დამადასტურებელი დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, აღმზრდელმა მისი დიაგნოზის შესახებ არაფერი იცოდა, გამოკვლევის შედეგად კი დადგინდა, რომ მან ბავშვების დაინფიცირება ვერ მოასწრო.

ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადების ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა განაცხადა, რომ არის შემთხვევები, როცა აღმზრდელებს, რომლებსაც უშუალო კონტაქტი აქვთ ბავშვებთან, არიან დაავადებული ტუბერკულოზით ისე, რომ ეს მათაც არ იციან.

ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ მძიმე ინფექციური დაავადების მატარებელ აღმზრდელს თავდაპირველად ვერ დაუდგინეს აღნიშნული დაავადება, ხოლო შემდეგ, როცა მან უშუალოდ ტუბერკულოზის ცენტრს მიაკითხა, დადასტურდა, რომ მას ინფექციური დაავადება ჰქონდა.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნული ბაღი რამდენიმე დღე დაკეტეს და შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, ხოლო როცა დადგინდა, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, სასწავლო პროცესი აღდგა.

ჯანდაცვის სამინისტროში ფიქრობენ, რომ სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში ინფექციურ და გადამდებ დაავადებებზე შემოწმება საკანონმდებლო დონეზე უნდა გამკაცრდეს.

იტვირთბა....