პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.
“არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გამოვეხმაურო ბათუმის ტრაგედიას, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ჩვენ გლოვის დღე გვქონდა 27 ნოემბერს გამოცხადებული. უმძიმესი დღეები იყო ყველა ჩვენგანისთვის. ბათუმში ჩასვლისას განვაცხადე, რომ ამ შემთხვევას უნდა მოყვეს უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს.”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები მშენებლობის, დაგეგმარებისა და პროექტის დამტკიცების და ექსპლოატაციაში მიღების პროცესში.
“ადამიანის სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია და მე მოვუწოდებ ყველას, შესაბამის ორგანოებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ ამ მიმართულებით კონტროლი”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ბათუმში, ხანძარი გაჩნდა სასტუმრო “ლეო გრანდში”, რომლის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა.