ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ტუბერკულოზის შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში საგანგაშო ფაქტი დაფიქსირდა.

“იმედინიუსის” ინფორმაციით, ბაღის ყველა აღსაზრდელი ტუბერკულოზის ცენტრში გამოკვლევაზე მიიყვანეს, ამის მიზეზი კი აღმზრდელის ავადმყოფობა გახდა, რომელმაც დაავადების შესახებ არაფერი იცოდა და ბავშვებთან მუშაობას ჩვეულებრივად განაგრძობდა.

ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო აღმზრდელების ჯანმრთელობის შემოწმების გამკაცრების ზომებს მიიღებს. უწყების თქმით, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

ბაღის აღსაზრდელებზე ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ აღმზრდელმა მათი დაინფიცირება ვერ მოასწრო .

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრის დირექტორის, ზაზა ავალიანის თქმით, ყველა საჭირო ზომა მიიღეს და  37-ვე ბავშვი გამოიკვლიეს. მისივე განცხადებით, არსებობს შემთხვევები, როდესაც სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე პირები დაავადებულები არიან ტუბერკულოზით, მაგრამ ამის შესახებ თავადაც არ იციან.

ავალიანის თქმით, აღმზრდელმა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, თუმცა ოჯახის ექიმმა დიაგნოზი შეცდომით დაუსვა, რის შემდეგაც საბავშვო ბაღში მუშაობა ჩვეულებრივად გააგრძელა. რამდენიმე კვირაში კი, ტუბერკულოზის ცენტრში ინფექციური დაავადების გართულებული ფორმით მიიყვანეს.

„ის დღეს ჩვენთან არის როგორც პაციენტი და მისი მდგომარეობა მართვადია.“- განაცხადა ავალიანმა, მისი თქმით, ეჭვის არსებობის შემთხვევაში ამ ტიპის დაწესებულების პერსონალმა აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალიზებულ დაწესებულებებს.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოშიც იციან, სადაც ამბობენ, რომ ეს საბავშვო ბაღი რამდენიმე დღე დაკეტილი იყო და შესაბამისი სამუშაოები ჩატარდა.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახა გვანცელაძის თქმით, საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი მხოლოდ მას შემდეგ აღსდგა, რაც ეპიდემიოლოგიური სამსახურისგან ამის ნებართვა მიიღო.

„როგორც კი ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დაადასტურა, რომ ყველაფერი წესრიგშია, სააღმზრდელო პროცესი აღდგა. პირველი რიგის პრიორიტეტი არის ბავშვთა უსაფრთხოება და რეგლამენტის მკაცრად შესრულება თითოეულ საბავშვო ბაღს მოეთხოვება.“- განაცხადა გვანცელაძემ.

არასამთავრობო სექტორი მომხდარს საგანგაშოს უწოდებს და ხაზს საზოგადოების მეტად ინფორმირებულობის აუცილებლობას უსვამს. მათი თქმით, დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტუბერკულოზთან დაკავშირებული ტაბუა, რომლის გამოც ინფიცირებული ადამიანები სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვისგან თავს იკავებენ.

იტვირთბა....