უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა გადაცემაში „ახალი ამბები არჩილ გამზარდიასთან“ ვანო მერაბიშვილის პატიმრობის შესახებ ისაუბრა:
“მე ვიყავი ადამიანის უფლებათა დამცველი, როდესაც მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მინისტრობის დროს, ბევრი საშინელი ფაქტი მოხდა. გირგვლიანის სასამართლო გადაწყვეტილება არის დასტური იმისა, თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში; ასევე სავარაუდოდ ხდებოდა ბევრი წამება, არაჰუმანური მოპყრობა.
ჩემი შეფასებით ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარი არ არის და ვერც ვერასდროს იქნება, რადგან მე ზაზა ხატიაშვილი ვარ მომსწრე იმ სისხლიანი უბედურებების რაც ხდებოდა ამ ქვეყანაში. ჩემი შეფასებით, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, შავაძის მკვლელობა ვანო მერაბიშვილის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.
ვანო მერაბიშვილის მიმართ როდესაც სამართლებრივი პროცედურები დაიწყო, ამას ითხოვდა სამოქალაქო საზოგადოება, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იყო პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, რომელიც უშუალოდ ვანო მერაბიშვილის უწყებას ადებდა ხელს. აქედან გამომდინარე, მის მიმართ წინასწარი პატიმრობა და ის პროცედურები, მე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებადამცველი ვარ, ძალიან სწორად განხორციელდა“,- განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.