საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ “TV პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ცნობილი ტერორისტი ახმედ ჩატაევი, რომელიც შესაძლოა გაბრიელ სალოსზე მიმდინარე სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის იყოს, პარლამენტს არ გაუთავისუფლებია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ახმეტ ჩატაევის მათი ხელისუფლების პირობებში გათავისუფლების შესახებ პირდაპირ ეთერში განმარტა.
“ჩატაევზე პარლამენტს არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია და ბაზაშიც გადავამოწმე და ეს იყო ბიბილაშვილის ძალიან უსინდისო და ცილისმწამებლური განცხადება, რომ თითქოს პარლამენტმა გაუშვა. მასთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილება არ მიღებულა, ეს იყო სიცრუე. საქმე იყო მყიდე და შეუძლებელი იყო მასზე განაჩენის გამოტანა. საკითხის ასე დასმა, რომ რატომ გაანთავისუფლეთ, არის აბსოლუტურად არასწორი.” – განაცხადა ბესელიამ.
ბესელია ოპოზიციას საყვედურობს და ამბობს, რომ “ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული ოპერაცია, როცა დაიწყო ბრალდებები”. მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საზვარი კონტროლირებადია სახელმწიფოს მიერ, სხვა გზებითაც შესაძლებელია, რომ ქვეყანაში ვინმემ შემოაღწიოს.
“არცერთი მათგანი საზღვრის გავლით არ შემოსულა. საზღვარი კონტროლდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვა გზებით არ არის შესაძლებელი ვინმემ შემოაღწიოს. ამაზეა სწორედ საუბარი, პრევენციულ ეტაპზე მოხდა სპეცოპერაციის დაგეგმვა” – განმარტა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.