“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “ტვ პირველის” ეთერში, ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა.
ბოკერია მოუწოდებს ყველას, რომ ქვეყანამ ისარგებლოს ამ შემთხვევით, ისტორიის ეს ფურცელი დახუროს და პოლიტიკური დევნა აღარასდროს განმეორდეს.
“ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის მიმართ დაადგინა კონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა. პრაქტიკულად პოლიტიკური პატიმრის არსებობს დაადგინა ჩვენს ქვეყანაში. უნდა ვისარგებლოთ ამ შემთხვევით ქვეყანამ, (მე არ ვყოფ პოლიტიკურ სპექტრს) და დავხუროთ ისტორიის ეს ფურცელი. საქართველოში არასოდეს აღარ განმეორდეს, მათ შორის მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რაც აუცილებლად მოხდება უახლოეს მომავალში. აღარასოდეს განმეორდეს პოლიტიკური დევნა ყოფილი ხელისუფლების.
როდესაც ვინმეს წინააღმდეგ იწყებენ ძიებას, იქ უნდა იყოს დაცული კანონის უზენაესობა და მოტივი არ უნდა იყოს პოლიტიკური ოპონენტის განეიტრალება. ეს არის ინტერესი მთელი ქვეყნის, მათ შორის ვინც ახლა ხელისუფლებაშია რომ ნორმალურად განვითარდეს ქვეყანა. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, თვითონ სტრასბურგის სასამართლოსთვის, ვინაიდან ამაზე დიდმა პალატამ პირველად იმსჯელა. ისედაც 18-ე მუხლის დარღვევა არის ძალიან მცირე, აქამდე სულ 6-ჯერ იყო ასეთი შემთხვევა და ახლა მეშვიდე შემთხვევაა. ამიტომ ეს ისტორიული ფურცელი უნდა დავხუროთ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.