„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილია არა დაზვერვის ქვედანაყოფის შექმნა სუს-ის სისტემაში, არამედ დაზვერვის და კონტრდაზვერვის ფუნქციების ერთმანეთთან შერწყმა, რაც შეცდომა იქნება და გამოუსწრებელ ზიანს მოუტანს ორივე მიმართულებას.
“დაგეგმილია არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურის გაუქმება და დაზვერვის ფუნქციის გადაცემა სუს-ისთვის, არამედ საგარეო დაზვერვისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური რეჟიმის დაუსაბუთებელი და ხშირად დამახინჯებული გავრცელება მთლინად სუს-ის მასშტაბით. მაგალითად, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მომუშავე მზვერავის „ჩავარდნისას“ (იმ ქვეყნაში დაკავებისას) გათვალისწინებული მიდგომები მთლიანად ვრცელდება სუს-ის ყველა მოსამსახურეზე და თანაც მათ მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებშიც: სუს-ის კანონის 41-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-20 და 21-ე პუნქტები: 20. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო ან სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებისათვის დააკავეს ან დააპატიმრეს, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ; 21. ამ მუხლის მე-18 და მე- 20 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სამსახურის მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით.
დაგეგმილია ე. წ. „ოდეერების“ სისტემის სრულმასშტაბიანი აღდგენა; სუს-ის კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტს ემატება შემდეგი შინაარსის პუნქტები: 3. სამსახურის მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა. 4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოსამსახურის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის დაეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 5. სამსახურის მოსამსახურეს სხვა საწარმოში, დაწესებულებაში თუ ორგანიზაციაში (სამსახურის სისტემის კადრში დატოვებით) ფარულად მსახურობის პერიოდი ეთვლება შრომის საერთო სტაჟში“, – ნათქვამია დავით უსუფაშვილის განცხადებაში უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილ სამთავრობო სტრუქტრულ ცვლილებებთან დაკავშირებით.
უსუფაშვილი მიმართავს საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას 112-კანონპროექტიანი პაკეტის დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში განხილვა და სამი მოსმენით მიღება. უსუფაშვილი ასევე მიმართავს საქართველოს მოკავშირე ქვეყნებს, დროული და კვალიფიციური რჩევებით მოამარაგონ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი.