ბათუმში, 21 ნოემბერს სასტუმრო “ლეო გრანდში” გაჩენილ ხანძარს, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც გარიკვა, ორი მათგანი მიშიკო ქავჟარაძე და ნუკრი ჩანჩიბაძე თანაკლასელები იყვნენ. მათი სკოლის პირველმა მასწავლებელმა, ნანა მჟავიამ, დაღუპულების შესახებ სოციალურ ქსელში ღია წერილი გამოაქვეყნა:
“დაუსრულებლად მინდა ვწერო ამ ორი ბიჭის სიკარგეზე მათმა პირველმა მასწავლებელმა. ჩემთვის ხომ ისინი ისევ ის პატარები იყვნენ, გულისფანცქალით რომ ჩამაბარეს და მანდეს მათმა მშობლებმა. იმ წელს პირველად ავიყვანე პირველ საშუალო სკოლაში საკუთარი კლასი, უნიჭიერესი ბავშვებით დაკომპლექტებული კლასი. მათ გვერდით გატარებული ყოველი დღე უბედნიერესი იყო ჩემთვის. მე მათ ვასწავლიდი და ისინი მე მასწავლიდნენ დამწყებს მასწავლებლობას. ხვალ მათგან ორ საუკეთესოს გავაცილებთ იმ ქვეყნად: მიშიკოს და ნუკაკოს. მახსოვს, ხანდახან, დასვენებაზე მოთამაშეთ, ღიმილით ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი: აუ, რა კარგ ბიჭებს ვუზრდი ჩემს სამშობლოს მეთქი! მათ ნიჭიერებას, ღვთისნიერებას, სილამაზეს, სიკარგეს ხომ საზღვარი არ ჰქონდა… და ამისთვის გავზარდე, რომ ჩემს ქვეყანას გადამთიელის მიერ წესების დარღვევით წამოჭიმულ სასტუმროში გამოეხრჩო ამხელა პოტენციის მქონე ვაჟკაცები? ვაი, უბედურო მშობლებო და უბედურო საქართველოვ!
დღეს ერთ არხზე ჟურნალისტმა მოკლედ დაახასიათა ათი გარდაცვლილი და მიშიკოზე თქვა, თურმე მღეროდაო, ნუკრიზე, უბრალოდ, გარდაიცვალაო. მარტო მღეროდნენ? უკრავდნენ, ცეკვავდნენ, ყველა საგანს ერთნაირი სიძლიერით ფლობდნენ ლამაზი ბიჭები, სიცოცხლე უხაროდათ, ყველა და ყველაფერი უყვარდათ…
ჩემი ბიჭები გმირები არიან, არ შემდგარი გმირები!
თუმცა, რას ვწერ? არა, შემდგარი გმირები!” – წერს ნანა მჟავია.