საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ხვალ იმსჯელებს.
კანონპროექტის თანახმად, მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დასაწყისშივე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა.
პროექტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა 5 ლარიდან 20 ლარამდე იზრდება, თუმცა ამავდროულად საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40 ლარამდე მცირდება.
ცვლილებების ინიციატორი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ 1000 გვერდამდე მოცულობის კანონპროექტი კვირის ბოლომდე დაჩქარებული წესით განიხილონ და მიიღონ.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით კომიტეტები ამ პაკეტზე დიდი პასუხისმგებლობით მუშაობენ, რათა საკითხი სრულყოფილად განიხილონ.
სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტიდან გამომდინარე ცვლილება სავარაუდოდ 112 კანონში შევა.
პრემიერმინისტრმა მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ 13 ნოემბერს გამოაცხადა.