თბილისში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის ვინაობა ცნობილია. ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, მათ სააპელაციო სასამართლოში განუცხადეს, რომ სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი საედი დუდაევია და არა ჩეჩენი მებრძოლი სუხო დუდაევი, რომელიც 2010 წელს ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც მონაწილეობდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დაკავებული სუხო დუდაევი იყო.
სააპელაციო სასამართლოში სპეცოპერაციისას დაკავებულის საქმეს მოსამართლე გიორგი მიროტაძე განიხილავს. მოსამართლე მიროტაძეს საქმის განსახილველად 72 საათიანი ვადა აქვს. ზუსტი დრო, როდის შედგება სააპელაციო სასამართლოში პროცესი უცნობია.
“განაცხადი 20 წუთის წინ შემოვიდა და საქმე დაეწერა მოსამართლე მიროტაძეს განსახილველად. დიდი ალბათობით პროცესი დღეს ვერ გაიმართება”- განუცხადეს “იმედს” სააპელაციო სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. საქალაქოს გადაწყვეტილებით, სპეცოპერაციისას დაკავებული პატიმრობაში რჩება.
24 ნოემბერს, თბილისში სპეცოპერაციის დროს დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.