“ქართული ოცნების” წევრი და პარლამენტარი ეკა ბესელია აცხადებს, რომ ოპოზიციისგან ამედ ჩატაევთან დაკავშირებით ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მიიღებს. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ტერაქტებს საკუთარ მოქალაქეებს თავად უწობდა.
„ასეთ უსინდისო განცხადებებს და ასეთ ზღვარგადასულ ბრალდებებს არ მივიღებთ ჩვენ არავისგან და განსაკუთრებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თვითონ აწყობდნენ ტერაქტებს საკუთარ ქვეყანაში”-აცხადებს ბესელია.
შეგახსენებთ, საქმე ეხება ოპოზიციის კითხვებს, რომელიც სპეცოპერაციისას ჩატაევის შესაძლო ლიკვიდირებას, მის ქვეყანაში შემოსვლას და ჩატაევის პატიმრობიდან გათავისუფლებას ეხება.
ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი, პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლა.
„უამრავი ფაქტი შემიძლია გავიხსენო, მათ მიერ დაგეგმილი ხელოვნური ტერაქტების, რომელსაც ეწირებოდა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ამიტომ, ამ თემაზე ნურავინ ნუ გაბედავს, რომ თავს უფლება მისცეს და ილაპარაკოს თითის გაშვერით ჩვენსკენ, მაშინ, როდესაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიერ დატოვებული უმძიმესი მემკვიდრეობა, საქართველოს მოქალაქეებმა საკუთარ თავზე არ იგემონ,“ – აცხადებს ეკა ბესელია.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე კითხვაზე, უნდა გათავისუფლებულიყო თუ არა ახმედ ჩატაევი ციხიდან, ჟურნალისტებს ურჩევს ახმედ ჩატაევის სისხლის სამართლის საქმეს გადახედონ.
„კითხვა დაიწყეთ იქიდან, რა ბრალდება წაუყენა მას წინა ხელისუფლებამ და ეს ბრალდება უნდა ყოფილიყო თუ არა დადასტურებული. ეს ბრალდება წაუყენეს მას და ჰქონდა საბრძოლო მასალის შენახვა, ნაკლებად მძიმე დანაშაული, როგორც მე ვიცი, ამოიღეთ ის მასალები, ნახეთ რა საქმე გააგზავნეს სასამართლოში და დღეს რომ ბევრს ლაპარაკობენ, რომ თითქოს ის გათავისუფლდა პარლამენტის მიერ, ეს არის აბსოლუტური სიცრუე და ტყუილი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.