ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხოშტარია: წულუკიანი უნდა მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა ჩატაევის ციხიდან გაშვება

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია პარლამენტში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მისვლას ითხოვს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მინისტრმა განმარტოს რა იყო ამხედ ჩატაევის ციხიდან გაშვების საფუძველი.

“ხელისუფლების 6-დღიანი ტოტალური დუმილის ფონზე, ფაქტობრივად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, ამ ოპერციაში ჩატაევი მოკლულია, რაც, რა თქმა უნდა, საკითხს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის და ხელისუფლების მხრიდან საკითხის პასუხგაუცემლად გაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს ჩვენი ახირება არ არის – ეს ჩვენი უსაფრთხოების გამოწვევასთან არის დაკავშირებული. ჩვენ გვახსოვს, რომ ჩატაევი 2012 წელს ტერორისტებს შეუერთდა და ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ ძალიან მძიმე ოპერაციაში იყო ჩართული. “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური მოსაზრებებით გაუშვა, რაც, ფაქტობრივად, მაშინვე დადასტურდა. სტამბოლის ტერაქტის შემდეგ, თეა წულუკიანი საუბრობდა, რომ ის პოლიტიკურად ჩატაევის გაშვების წინააღმდეგი იყო, რაც იმას ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მიიღო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ არსებობს ეჭვი, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ პირთა შორის ახმედ ჩატაევი იყოს, თუმცა, დაზუსტებული პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს, ვინაიდან მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები და სწორედ აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი ზუსტი ინფორმაცია.

21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....