ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნანუაშვილი: ახმედ ჩატაევს თავის დროზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავდა

„ტერორიზმში ბრალი ახმედ ჩატაევს ბოლო ორი წლის განმავლობაში წაუყენეს, ის უკვე ორი წელია, რაც ტერორისტთა სიაშია” -ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანამ დადასტურდებოდა, რომ ის ტერორისტებთან იყო კავშირში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავდა.

“შესაბამისად, მანამდე მის საქმიანობაში არ ყოფილა რაიმე დამადასტურებელი, რომ კავშირში იმყოფებოდა ტერორისტებთან, პირიქით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იცავდა მას რამდენჯერმე. ასევე ავსტრიის ხელისუფლებამ მას ლტოლვილის სტატუსი მისცა და შეიძლება ითქვას, რომ შესაბამისი ინფორმაცია, რომ მას რაიმე კავშირი ჰქონდა ტერორიზმთან, მანამდე არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი უფლებადამცველის დამოკიდებულება უნდა იყოს მსგავსი, რომ უნდა დაიცვას ნებისმიერი ადამიანი, მითუმეტეს, რომ საუბარი იყო სხვა სახის დარღვევებზე. როგორც იცით, მას ბრალი არ დაუდასტურდა და საბოლოო ჯამში, გამამართლებელი განაჩენი დადგა“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

ომბუდსმენი ამბობს, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ როგორ მოხვდა, ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.

იტვირთბა....