სასტუმრო “ლეოგრანდის” მფლობელის ეროლ ავგორენის განცხადებით, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო დაჯარიმებული არ ყოფილა. მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.
”სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია”, – განაცხადა ავგორენმა.
მან სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სასტუმროს მომსახურე პერსონალი სამსახურიდან არ გათავისუფლდება:
”ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან”, – განაცხადა ავგორენმა.
ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.