უნდა ვიცოდეთ არის თუ არა ლიკვიდირებული გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის შედეგად ჩატაევი და გვეცოდინება, ვდგავართ თუ არა ტერორისტული აქტების საფრთხის წინაშე, -ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” გაანცხადა:
“აჰმედ ჩატაევი “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი იყო. თუ მისი ლიკვიდირება აქ მოხდა, ამ ქვეყნის წინაშე საფრთხე მატულობს. “ისლამურ სახელმწიფოს” საქართველო არ აინტერსებდა, ვინაიდან აქ განხორციელებული ქმედება რეზონანსული არ ხდება ხოლმე. მაგრამ თუ ჩატაევი ლიკვიდირებულია ამ ფორმით, ჩვენმა ხელისუფლებამ “გაიჩალიჩა” ის პრობლემა, რაც ქვეყანას აქამდე არ ქონია და ეს თავისი არაკომპეტენტურობით გააკეთა.
როგორ უნდა მოხვედრილიყო ჩატაევი საქართველოში? თუ ლეგალურად მოხვდა-ეს საერთოდ გაუგონარი ამბავი იქნება, ხოლო არალეგალურად თუ მოხვდა, ესეც ხელისუფლების არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს”, – განაცხადა თარგამაძემ.
ცნობისთვის, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, ერთ-ერთი, არაოფიციალური ინფორმაციით, “ისლამური სახლემწიფოს” ერთ-ერთი დიდი დაჯგუფების ხელმძღვანელი, ათათურქის აეროპორტის აფეთქების ორგანიზატორი, აჰმედ ჩატაევი იქნა ლიკვიდირებული.
შეგახსენებთ, 21 ნოემბრის ღამეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსის, ბინაში სპეცოპერაცია განხორციელდა, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და ლიკვიდირებულია 3 ტერორიზმში ბრალდებული. 4 სპეცრაზმელი დაიჭრა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული ბრალდებულებიდან ერთ-ერთი არის ახმატ ჩატაევი, რომლის გვარიც 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციაში ფიგურირებს და რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ ციხიდან გამოუშვა.