ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაკავებულ მარტვილის გამგეობის თანამშრომლებს, გია ჩიხლაძეს და მამუკა კეკელიას ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.
მამუკა კეკელიას თქმით, ის უდანაშაულოა, გია ჩიხლაძემ კი დუმილის უფლება გამოიყენა. მათი ადვოკატების, რობიზონ და ივლიანე ხურცილავების განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულებები, რაც მათ ბრალეულობას ამტკიცებს.
პროკურორ მირანდა წერეთლის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა იყო. მისი თქმით, არსებობს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი და შეთანხმება გარკვეულ თანხაზე. ეს კი, განმარტავს – ადასტურებს დაკავებულების ბრალეულობას. კერძოდ, მამუკა კეკელიას სამსახურებრივი უფლება მოსილების გადამეტება ედება ბრალად, გია ჩიხლაძეს კი ქრთამის არაპირდაპირი გზით აღება.
პროკურორის თქმით, ფარული ვიდეო ჩანაწერთან ერთად აქვთ სხვა მტკიცებულებებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ჯერ კიდევ გამგეობის თანამშრომლები არიან, არსებობს დანაშაულის განმეორებით ჩადენის დიდი ალბათობა, ამიტომ მან პატიმრობა მოითხოვა. დამატებით მიზეზად მან მოწმეებზე შესაძლო ზეწოლა დაასახელა.
შეგახსენებთ,რომ 20 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურების ხელმძღვანელი პირები დააკავეს.