გერმანიაში The Beatles-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ჯონ ლენონის კუთვნილი, მოპარული დღიურები იპოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე ბერლინის პოლიცია იუწყება.
დღიურების გარდა მუსიკოსის სხვა ნივთებიც იპოვეს, რომელიც მისი ქვრივის, იოკო ონოს ნიუ-იორკის სახლიდან 2006 წელს მოიპარეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ეს ნივთები შესაძლოა გერმანიაში ყოფილიყო.
გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 58 წლის კაცი, რომელიც იმ მოპარული ნივთების გადაყიდვაშია ეჭვმიტანილი, რომელიც მის ავტომობილში აღმოაჩინეს. კიდევ ერთი ეჭვმიტანილი თურქეთში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ლენონი ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან, საკუთარ სახლთან ახლოს 1980 წლის 8 დეკემბერს მისმა თაყვანისმცემელმა მოკლა. წელს მას 77 წელი შეუსრულდებოდა.