ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს ოკუპირებულ ცხინვალში დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
შეხვედრას, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარის რანგში პირველად ტოივო კლაარი ესწრებოდა.
“ჩვენ კონსტრუქციულად განვიხილეთ საკითხები, რომელთა შესახებაც მსჯელობა ჟენევაში იგეგმება“ – განაცხადა ტოივო კლაარმა.
შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირთა შესახებ ისაუბრეს. ამასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიების ეუთოს თანათავმჯდომარემ გიუნტერ ბეხლერმა განაცხადა, რომ „დამოუკიდებელმა ექსპერტმა, დუშან იგნიატოვიჩმა, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი ანგარიში მოამზადა. დეკემბერში ის საქართველოში ჩამოვა და ვიზიტის ფარგლებში ჯიოევთან შეხვედრასაც გეგმავს”.
თანათავმჯდომარეებთან შეხვედრა 20 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გაიმართა.
ჟენევის მოლაპარაკებების 42-ე რაუნდი 2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.