ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ომბუდსმენმა საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლის წინადადებით შსს-ს მიმართა

სახალხო დამცველის აპარატმა 2017 წლის 15 ნოემბერს 7 უცხოელი პირისათვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის პრაქტიკის შეცვლის წინადადებით შსს-ს მიმართა.

7 უცხოელისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის საფუძვლების შესასწავლად, ომბუდსმენმა უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვა.

“საკითხის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ შსს „კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების“ საფუძველს პრაქტიკაში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის დამოუკიდებელ, თვითკმარ საფუძვლად იყენებს და უფლების შეზღუდვის რაიმე დამატებით, კანონმდებლობაში მითითებულ შემთხვევას არ უკავშირებს. აღნიშნული მიდგომა ეწინააღმდეგება კანონს, ვინაიდან განსახილველი ნორმა თავისი ბუნებით მიმთითებელი ხასიათისაა.

„კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები“ არ გულისხმობს შესაბამისი რეგულირების გარეშე მისი გამოყენების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, იგი ცალკე აღებული არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებულ შემთხვევებში საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებები არსებითად ეწინააღმდეგება კანონს. ამდენად, სახალხო დამცველმა შესაბამისი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დარღვევის პრევენციის მიზნით, სახალხო დამცველი ითხოვს ზემოთ განხილული საფუძვლით სამინისტრომ ისარგებლოს მხოლოდ შესაბამისი სამართლებრივი აქტის კონკრეტულ დებულებაზე მითითებით, თუ კანონმდებლობით დადგენილი იქნება საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სხვა შემთხვევა”, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

იტვირთბა....