აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საპრეზიდენტო კანდიდატთა ნახევარფინალი”: ვინ და რატომ აშანტაჟებს ბიძინა ივანიშვილს

რაც უფრო ახლოვდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს საუბარი როგორც მედიაში, ასევე პოლიტიკურ წრეებში ვინ შეიძლება იყოს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. ვის აირჩევს და რა კრიტერიუმებით შეარჩევენ მათ „ქართული ოცნების“ ლიდერები. ამაზე დისკუსია თავად პარტიაშიც მიდის და უფრო მეტიც, მედიაში 3 კანდიდატურის შესახებ საუბარი აქტიურად მიმდინარეობს.

„მეტრონომთან“ პოლიტოლოგები აცხდებენ, რომ „ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატებად, როგორც გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ირაკლი ღარიბაშვილიც განიხილება. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, არ არის გამორიცხული, რომ მათ კიდევ სამი კანდიდატურა დაემატოს. მედიაში ბოლო დროს, ასევე თეა წულუკიანის შესაძლო კანდიდატურაზეც საუბრობენ და იმასაც ამბობენ, რომ ის ივანიშვილს აშანტაჟებს, რათა მისი კანდიდატურა დასახელდეს.

მომავალ ოქტომბერში, პრეზიდენტს მოსახლეობა ბოლოჯერ აირჩევს არა 5, არამედ 6 წლის ვადით. პოლიტოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ  საბოლოო გადაწყვეტილებას ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მიიღებს. ანალიტოკოსები ამბობენ, რომ გაზაფხულზე „ოცნებაში“ შიდა კლანური დაპირისპირება დაიწყება, რათა საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი კანდიდატურა იქნეს დასახელებული. მათი აზრით, საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და თბილისის მერ კახა კალაძეს შორის ერთგვარი შიდა კლანური შეჯიბრია – ვინ შეძლებს ივანიშვილის დარწმუნებას, რომ კანდიდატად მისი ფრთის წარმომადგენელი დასახელდეს.

ანალიტიკოსი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი „მეტრონომთან“ ამბობს, რომ „ქართულ ოცნებაში“ 2018 წლის საპრეზიდენტო კანდიდატზე ფიქრი უკვე დაწყებულია და მეტიც, რამოდენიმე კანდიდატის ირგვლივ მსჯელობაც მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ეს კანდიდატები გიორგი კვირიკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და თეა წულუკიანი იყვნენ, ხუხაშვილი საფუძვლიანად მიიჩნევს, თუმცა აქვე დასძენს, რომ სია უფრო ვრცელია და მმართველი გუნდის კულუარებში ამ კანდიდატების გარდა კიდევ სამი კანდიდატი განიხილება.

რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეა წულუკიანი ივანიშვილს აშანტაჟებს, რათა მისი კანდიდატურა საპრეზიდენტოდ განხილული იყოს, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს თუ სიმართლეს ოდნავ მაინც შეესაბამება, წულუკიანს ეს საკმაოდ ძვირად დაუჯდება. ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ წულუკიანს მსგავსი სახის სურვილი ჰქონდეს და მას პრეზიდენტობა სურდეს. თუმცა, ის ვერცერთ იმ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, რაც მმართველ გუნდს ან ბიძინა ივანიშვილისთვის მისაღები იქნება.

„თქვენს მიერ დასახელებულ სიას კიდევ უფრო გავაფართოვებდი და ერთ სამ კანდიდატს კიდევ დავამატებდი. თუმცა მათი გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. „ქართულ ოცნებაში“ გარკვეული დაჯგუფებები გაჩნდა, რომლებსაც გრძელვადიანი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებთ. შესაბამისად, ყველა მათგანი შეეცდება, რომ თუნდაც ივანიშვილთან თავის კანდიდატურას ლობირება გასწიოს.

არცერთი ეს ჯგუფი და არც პერსონა გადაწყვეტილების მიმღები პერსონა არ არის. ისინი უფრო ხალიჩის ქვეშ მოძრაობას შეეცდებიან. ერთის მხრივ, საკუთარი კანდიდატის წინ წამოწევას ეცდებიან, ხოლო მეორეს მხრივ, მათთვის მიუღებელი კანდიდატის დისკრედიტაციას დაიწყებენ. სადღაც გაზაფხულის შემდეგ, საკმაოდ მხიარული სანახაობა გველის. გაზაფხულის შემდეგ მოკლე სია გაკეთდება, სადაც ორი კანდიდატი დარჩება. ხოლო რომლის უკან მდგომი ჯგუფიც უფრო იაქტიურებს ის ერთი კანდიდატი დარჩება. წინ პრეზიდენტობის კანდიდატების ნახევარფინალი გვაქვს“, – ამბობს ხუხაშვილი „მეტრონომთან“.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ორი პოლიტიკური ჯგუფი კვირიკაშვილის და კალაძის მეთაურობით უკვე იბრძოდეს. ხუხაშვილის განცხადებით, „ოცნებაში“ ახალგაზრდები, რომლებიც საჯაროდ პოლიტიკური ამბიციების გასაცხადებლად მზად არ არიან, კულისებში ჩუმად რაღაცებს გეგმავენ.

მისი აზრით, მართალია ეს ძალიან ტრაგიკულ-კომიკურად გამოიყურება, მაგრამ დაბალ დონეზე რაღაცას ხლაფორთობენ. ხუხაშვლი არ გამორიცხავს, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად თამაშში ინდივიდულაური პირებიც გამოჩდნენ და ესენი თუნდაც ღარიბაშვილი და წულუკიანი იყვნენ, რომლებიც მმართველ გუნდში არცერთ პოლიტიკურ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებიან. ხუხაშვილის აზრით, ხელისუფლება საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისას გაითვალისწინებს იმ შეცდომებს, რომელიც მათი აზრით, გიორგი მარგველაშვილის შემთხვევაში დაუშვეს.

თუმცა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს შეცდომა არ იყო და ერთ-ერთი საუკეთესო საკადრო გადაწყვეტილება გახლდათ. მისი თქმით, მმართველ გუნდს სურს კანდიდატი, რომელიც მათ ინტერესებს დააკმაყოფილებს და გრძელვადიან პოლიტიკურ თამაშში, ამა თუ იმ ჯგუფს, გააძლიერებს. მეორე კრიტერიუმი კი ის იქნება, რომ მომავალმა პრეზიდენტმა პარლამენტში მიმდინარე პოცესებში ყურმოჭრილი მონა უნდა იყოს ისეთ საკითხებში, სადაც შიდა გუნდური წინააღმდეგობები არ არის. ხუხაშვილის აზრით, ის უნდა იყოს ადვილად მართვადი და მისგან სიუპრიზებს არავინ უნდა ელოდოს.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ მედიაში გავრცელებული სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებაში“ დისკუსია უკვე მიმდინარეობდეს. თუმცა, მას ნაკლებად ჰგონია, რომ კანდიდატის შერჩევაში ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობას მიიღებს და ჩაერევა. პოლიტოლოგის თქმით, ახალი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს იმაზე ნაკლები უფლებები ექნება რაც ახლა აქვს.

ამიტომ, ეს არ იქნება თანამდებობა, რომელიც ხელისუფლებაში რაიმე გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ძაბირაძის განაცხადებით, სამწუხაროდ ქვეყანაში არც საპარლამენტო მმართველობა არ არის ძლიერი და მას დამორჩილებული პრეზიდენტი კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება.

ანალიტიკოსის აზრით, პრეზიდენტის შერჩევისთვის მთავარი კრიტერიუმი მორჩილება იქნება, თუმცა მისი აზრით, ივანიშვილს არც ისეთი მორჩილი პრეზიდენტი სურს,  რომელიც ყველა გადაწყვეტილების დროს მას დაურეკავს და რჩევას ჰკითხავს.  შესაბამისად, პოლიტოლოგისთვის ასეთი კანდიდატი ჯერჯერობით არ ჩანს.

„ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატზე ფიქრი აქტიურ ფაზაში ალბათ უფრო გაზაფხულიდან შევა. არ გამოვრიცხავ, რომ კვირიკაშვილის და კალაძის ორი პოლიტიკური დაჯგუფება საკუთარ კანდიდატურაზე ფიქრობდეს, თუმცა პრემიერს რატომ უნდა სურდეს ნაკლები უფლებების მქონე პრეზიდენტის სკამის დაკავება, ჩემთვის გაუგებარია.

ჩვენთან ჩამოყალიბებული და ფორმირებული არც საპარლამენტო სტრუქტურაა, არც პარტიები სარგებლობენ საზოგადოებაში დიდი ნდობით. ამიტომ ყველაფერზე მორჩილი პრეზიდენტი თავად ქვეყნისთვის არ იქნება მომგებიანი.

ვფიქრობ, რომ მარგველაშვილის მსგავსი პრეზიდენტი ნამდვილად, ყველაზე მისაღები ფიგურაა. ძალიან ბევრი ფაქტორია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ყველაფერზე თავი არ უნდა აქნიოს. არ მგონია, თავად ივანიშვილსაც სურდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ყველაფერს მას შეუთანხმებს და დაურეკავს.

მას სურს ალბათ ისეთი, რომელიც მასთან მუდმივი რეკვის გარეშეც მიხვდება ივანიშვილს რა მოეწონება და შესაბამისი გადაწყვეტილებები ისე მიიღოს. ვფიქრობ ივანიშვილი უფრო პრემიერის კანდიდატურაზე ჩაერევა და უფრო მეტს იფიქრებს, ვინ შეიძლება კვირიკაშვილი შეცვალოს. ასეთ შემთხვევაში, მისთვის საპრეზიდენტო კანდიდატი უფრო სადარდებელი შეიძლება იყოს, ვიდრე პრემიერის“, – ამბობს ძაბირაძე „მეტრონომთან“.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

 

იტვირთბა....