ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ძალადობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს”: სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

როგორც ჩაბუქმა პროცესზე განაცხადა, მას არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ ჰქონია.

“15 წელია საქართველოში ვარ. მე და ჩემი მეუღლე ვმუშაობთ საქართველოში. მასწავლებელის გარდა, კოლეჯში ხელმძღვანელ თანამდებობასაც ვიკავებ. აქ მუშაობის მანძილზე 300-მდე თანამშრომელთან ერთად ვმუშაობდი, 1000-მდე მოსწავლე მყავდა, რომელმაც დაამთავრა კოლეჯი. ძალადობასთან არანაირი კავშირი არ მაქვს არასდროს მქონია არავისთან ჩხუბი. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომ ძალადობა ჩემგან, ჩემი ბუნებისგან ძალიან შორსაა, თურქეთში მე მაბრალებენ, რომ თითქოს კავშირში ვარ ტერორისტებთან. ამით შეურაცხყოფა მომაყენეს. არც საქართველოში და არც თურქეთში არც ლეგალური და არც არალეგალური შეხება ტერორისტებთან არ მაქვს. მე არ ჩამიდენია დანაშაული, მაგრამ გაჩვენებენ რომ ჩავიდინე”, – განაცხადა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა.

მან აღნიშნა, რომ ფეთჰულა გიულენთან არავითარი შეხება არ ჰქონია. მისი თქმით გიულენის შესახებ მხოლოდ მისი წიგნებიდან სმენია, სადაც როგორც თვითონ ამბობს, ტერორიზმზე არაფერი წერია.

“ამდენ რამეს რაც მე საქართველოში გავაკეთე, არც ერთი ტერორისტი არ გააკეთებდა, არათუ სხვა ქვეყნისთვის, არამედ საკუთარი სამშობლოსთვის”, – აღნიშნა მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პროცესზე.

სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა, რადგან ჩაბუქის მეუღლე, თუბა ჩაბუქი სასამართლოს ახსნა-განმარტებას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებზე აძლევს. საქმე ჩაბუქის ოჯახის დაცვის სპეციალური ღონისძიებებით უზრუნველყოფას ეხება.

რამდენიმე თვის წინ, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს.  მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 2002 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. 2002-2007 წლებში ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის მასწავლებელი იყო. 2012-2016 წლებში „ჩაღლარის“ სასწავლო დაწესებულებების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.

თურქეთის მხარე დაკავებულის ექსტრადირებას მოითხოვს და მას ბრალად ედება ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან თანაშრომლობა, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქსა და მის ოჯახს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

იტვირთბა....