ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში სუპერმარკეტი “დეილი” დააყაჩაღეს. სუპერმარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, შემთხვევა 20 ნოემბერს, დილის 5 საათზე მოხდა. მათივე განმარტებით, მარკეტში 4 ნიღბიანი იყო შესული, რომლებსაც დანა ჰქონდათ.
მძარცველებმა მუქარის და დაშინების საშუალებით, მარკეტის თანამშრომლებს სალაროდან 5 000 ლარამდე თანხა წაართვეს, ასევე ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტები წაიღეს.
“ეტყობოდათ, რომ ახალგაზრდები იყვნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ, დანის მუქარით მოახერხეს თანხის გატანა,” – ამბობენ სუპერმარკეტ “დეილის” თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “მეტრონომს” განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 179-ე ყაჩაღობის მუხლით აღიძრა. მათივე ინფორმაციით, დამნაშავე პირების დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.