ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ნილს მუჟნიეკსი საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ განცხადებებს ეხმაურება. მან იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამონათქვამები ომბუდსმენზე შეტევად შეაფასა და მას თავშეკავებისკენ მოუწოდა. ინფორმაციას ქართული frontnews-ის რუსულენოვანი გამოცემა ავრცელებს.
“ვიცი, რომ სახალხო დამცველის წინააღმდეგ ნეგატიური გამონათქვამები გაჟღერდა მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. შეშფოთებული ვარ იმით, რომ მსგავსი სიტყვიერი თავდასხმები ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტის მდგრადობასა და ეფექტურობაზე გავლენას მოახდენს. ყველა ომბუდსმენისთვის სახალხო დამცველის როლი ადამიანის უფლებების დაცვისთვის მუშაობა, ხელისუფლების უფლებამოსილების შემოწმება და მმართველობის ხარისხის ამაღლებაა. შესაბამისასდ, მისი ფუნქციაც კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებული შესაძლო ნაკლოვანებების თავის ანგარიშებსა და გამოსვლებში გამოვლენაა“, – განაცხადა მუჟნიეკსმა
მისი თქმით, ხელისუფლება შეიძლება არ დაეთანხმოს სახალხო დამცველის კრიტიკას, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მას ხელი არ შეუშალონ თავისი ამოცანების შესრულებაში და მან დამოუკიდებლად იმუშაოს, ყოველგვარი გაუმართლებელი წნეხის გარეშე. ეს მნიშვნელოვანია ახალი ომბუდსმენის არჩევნების კონტექსტშიც.
“მოვუწოდებ საჯარო დებატების ყველა მონაწილეს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომლებიც სახალხო დამცველის რეპუტაციას დააზარალებს“, – განაცხადა კომისარმა.
შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს საქართველოში „პირველი უსამართლო ომბუდსმენი” უწოდა. მინისტრის კრიტიკა უჩა ნანუაშვილის მიერ დეკანოზის საქმეზე მომზადებულმა ანგარიშმა გამოიწვია.
15 ნოემბერს კი, ომბუდსმენმა დეკანოზის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. ნანუაშვილის თქმით, მისი აპარატი იყო ერთადერთი ნეიტრალური ორგანო, რომელმაც პროცესის მონიტორინგი განახორციელა.