საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ამერიკული მხარე მზად არის საქართველოს დაეხმაროს ზოონოზური დაავადებების პრევენციის, ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე, ცოფის აღმოფხვრის მიმართულებებით.
აღნიშნული თანამშრომლობის მემორანდუმი დღეს გაფორმდა. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის დირექტორს, ნენსი ნაითს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის კონტექსტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ფარგლებში ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა.