aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

11 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან

aviabiletebi
ავიაბილეთები

11 არასამთავრობო ორგანიზაცია სახალხო დამცველთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურებიან, რომელიც ძირითადად სახალხო დამცველის მიერ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ მონიტორინგის შედეგებს უკაბშირდება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე.

“არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებული ვადევნებთ თვალს მოქმედი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ და ამავდროულად, თვით ომბუდსმენის ინსტიტუტის დისკრედიტაციის შემცველ განცხადებებს, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ავრცელებენ საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის – მაღალი თანამდებობის პირები.

დოკუმენტში, რომელიც საქმის გამოძიების მასალების შესწავლისა და სასამართლო პროცესის მონიტორინგის შემდგომ მომზადდა, სახალხო დამცველმა სერიოზულ პროცესუალურ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება. მონიტორინგის დასკვნაში სახალხო დამცველი ეხმაურება ყველა იმ არსებით დარღვევას, რასაც როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციებიც აღნიშნავდნენ და უარყოფითად აფასებდნენ. კერძოდ, დასკვნაში კრიტიკულად შეფასებულია: ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა, ადვოკატებისთვის დაცვის შესაძლებლობის შეზღუდვა ე.წ. გაუთქმელობის ხელწერილის საშუალებით, სასამართლო პროცესის სრულად დახურვა და ა.შ.

სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებს მეორე დღესვე საჯარო განცხადებით გამოეხმაურა საქმის პროკურორი, რომლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებში უკვე ჩანდა აგრესიული გამონათქვამები სახალხო დამცველის მისამართით. მალევე პოლიტიკური შინაარსის განცხადება გაავრცელა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც შეურაცხმყოფელ კონტექსტში სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის ამოწურვაზეც არის საუბარი. მიმდინარე პოლიტიკურ კამპანიას შეუერთდა იუსტიციის მინისტრი უსამართლო რეპლიკით, რომ უჩა ნანუაშვილი არის „პირველი უსამართლო ომბუდსმენი“.

ამ პროცესში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება, საიდანაც ისე ჩანს, რომ სასამართლოს ან წარმოდგენა არა აქვს სახალხო დამცველის მანდატის შესახებ ან ეს წარმოდგენა ემყარება პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას.”- ნათქვამია მესამე სექტორის განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები  ხელისუფლებას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისგან, რითაც ხელს უწყობენ სახალხო დამცველის ინსტიტუტის დაკნინებას და დისკრედიტაციას, განსაკუთრებით – საერთაშორისო საზოგადოების თვალში. განცხადებას ხელს აწერენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, „მედიის განვითარების ფონდის“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, კავშირ „საფარის“, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ და სამოქალაქო განათლების განვითარების მულტიეთნიკური რესურსცენტრი.

სახალხო დამცველმა 15 ნოემბერს დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.

ანგარიშს მოგვიანებით საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ვრცელი განცხადებით გამოეხმაურა და ანგარიშს არაკომპეტენტური უწოდა. ანგარიში “პოპულიზმად” შეაფასა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

თეა წულუკიანმა სახალხო დამცველს საქართველოში “პირველი უსამართლო ომბუდსმენი” უწოდა.

5 სექტემბერს მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იტვირთბა....