ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

წულუკიანი ომბუდსმენთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატის კრიტიკას გამოეხმაურა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უმრავლესობის დეპუტატ შოთა შალელაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა.

წულუკიანის თქმით, შალელაშვილი პარლამენტში ერთადერთი დეპუტატია, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის.

“მე შალელაშვილის შესახებ ბევრი არაფერი მსმენია. მსმენია მხოლოდ ის, რასაც მედია ავრცელებდა, რომ რეალურად ის არის პარლამენტში ერთადერთი დეპუტატი, რომელიც ხელფასს იღებს და სამსახურში არ დადის. კარგია, თუ ჩემმა განცხადებამ ის სამსახურში მიიყვანა და მუშაობა დააწყებინა. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მომავალი სახალხო დამცველი იყოს პასუხისმგებლობიანი და მართლაც ამ პატივსაცემ საკონსტიტუციო ინსტიტუტს ვეღარავინ აკადროს ზედაპირულობა, ტყუილი და მიკერძოება. რაც შეეხება უჩა ნანუაშვილის შეფასებას, მის საქმიანობას კიდევ შევაფასებ, სანამ ის სახალხო დამცველია და მერეც, როცა აღარ იქნება. თუ მისი სურვილი იქნება, როდესაც ის ომბუდსმენი აღარ იქნება, მასთან საჯარო დებატისთვის მზად ვარ,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.

იუსტიციის მინისტრმა  უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.

”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს”- აღნიშნა შოთა შალელაშვილმა.

დაპირისპირება სახალხო დამცველის ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოქვეყნებულ ანგარიშს მოჰყვა, სადაც ნანუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საქმეში მთელი რიგი დარღვევები აღინიშნებოდა.

იტვირთბა....