ზემო ქედის, ქვემო ქედისა და არხილოსკალოს მაცხოვრებლების ინფორმაციით, 3600 ჰექტარი მიწა წინა ხელისუფლებამ კომპანია „ჯეო-აგროზე” ისე გაასხვისა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, დღეს კი ის ”საქართველოს ბანკის” საკუთრებაა.
აქციის მონაწილები ამბობენ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწებს წლების განმავლობაში იყენებდნენ, თუმცა მიმდინარე წელს ბანკმა დაცვის კომპანია დაიქირავა და საშემოდგომო ხვნა-თესვის სამუშაოების ჩატარებას ვეღარ ახერხებენ, რის გამოც შესაძლოა ორასზე მეტი ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩეს.
მათივე განცხადებით, ბანკსა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება რამდენჯერმე გაიმართა, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან და ადგილობრივებს პირდებიან, რომ ბანკთან შუამავლობას გაუწევენ.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოსახლეობას პრობლემის კანონის ფარგლებში გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.