სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას ფილმ „ექვთიმე ღვთისკაცის” რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე შემოქმედებით ჯგუფან ერთად ესტუმრა და ფილმის ნაწყვეტების ჩვენება გაიმართა.
ფილმი „ექვთიმე ღვთისკაცი“ ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმის ნაწყვეტების ჩვენება პირველად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ფილმზე მუშაობა ამ დრომდე მიმდინარეობს და ის კინოთეატრებში უახლოეს მომავალში გამოვა.
ჩვენების დასრულების შემდეგ ვიქტორინა გაიმართა. სტუმრებმა მსჯავრდებულებს ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრების შესახებ დაუსვეს კითხვები. სწორი პასუხების ავტორებმა სტუმრებისგან საჩუქრები მიიღეს.
რეჟისორმა ნიკოლოზ ხომასურიძემ აღნიშნა, რომ ფილმის ნაწყვეტების ჩვენება ქალბატონებისთვის საინტერესო, ხოლო შემოქმედებითი ჯგუფისთვის – მსჯავრდებულთა ემოციები და შეფასება მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა. მისი თქმით, ის მზად არის, მომავალშიც ითანამშრომლოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ნესტან ვერულაშვილმა დაწესებულებებში მსგავსი კულტურული აქტივობების გამართვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ფილმი ძალიან შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა. არანაკლებ საინტერესო იყო ფილმის დასრულების შემდეგ გამართული დისკუსია და ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობაზე საუბარი. მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის შემოქმედებით ჯგუფს და ასევე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ქალბატონებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემისათვის. მსგავსი შეხვედრები დაწესებულებაში ხშრად ტარდება.“- აღნიშნა ნესტან ვერულაშვილმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები აქტიურად ხორციელდება, რაც მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას უწყობს ხელს.