ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში ჰუმანური მიდგომების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ლისის ტბაზე გარბენი მოეწყობა

კვირას, 19 ნოემბერს, 11:00 საათიდან, ლისის ტბაზე, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია, საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაცია, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი და “თეთრი ხმაურის მოძრაობა” პროგრამების #Rungeorgia და #BeActiveInGeorgia ფარგლებში აწყობს თემატურ გარბენს.

როგორც საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციაში “მეტრონომს” განუცხადეს, ღონისძიება ქვეყანაში ჰუმანური მიდგომებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება.

“საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანსაღი მომავალი როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული უნდა გახდეს. უნდა ვიზრუნოთ არა მხოლოდ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, არამედ, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე, რათა უფრო ნაკლებ ადამიანს დაჭირდეს მკურნალობა და პრევენციული მიდგომებით მომეტებული ზიანი შევამციროთ.

პარლამენტში დაწყებულია ჰუმანური ნარკოპოლიტიკის რეფორმის განხილვა. საზოგადოება თანხმდება, რომ ციხე არ არის გამოსავალი. რეფორმის მთავარი მიზანი კი სწორედ სადამსჯელო პრაქტიკებიდან ზრუნვასა და პრევენციაზე ორიენტირებული მიდგომების დანერგვაა. ღონისძიება ქვეყანაში ჰუმანური მიდგომებისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსხურება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერება და მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია.

გარბენში სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფები, ორგანიზაციები, ბიზნეს სუბიექტები და როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩაერთვებიან. ღონისძიება ყველა მოქალაქისთვის ღიაა, გეპატიჟებით ყველას”- ამის შესახებ “მეტრონომს” კორპორატიული სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ ბოქოლიშვილმა განუცხადა.

 

იტვირთბა....