ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს აკრიტიკებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მან სახალხო დამცველთან მიმართებაში უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.

იუსტიციის მინისტრმა  უჩა ნანუაშვილს საქართველოს ისტორიაში ყველაზე უსამართლო ომბუდსმენი უწოდა.

”მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია ,,ქართული ოცნების’’ არც ერთ ლიდერს და პოლიტიკური თანამდებობის პირს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადება სახალხო დამცველის მიმართ, გახლავთ როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით აბსოლუტურად გაუმართლებელი ნაბიჯი, რომელსაც მთლიანად ვემიჯნები და ვეხმაურები იმ მოტივაციით, რომ მომავალში არც ერთი ჩინოვნიკი აღარ მისცემს თავს უფლებას, მსგავსი უპასუხისმგებლო შეფასებები გამოხატოს, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ინსტიტუციის მისამართით.მინდა მოგიწოდოთ, რომ ყველამ პატივი სცეთ კონსტიტუციურ ორგანოებს, პატივი სცეთ თანამდებობის პირებს, რომლებიც კონსტიტუციით თუ სხვა სამართლებრივი აქტებით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას, მიუხედავად იმისა, ვინმეს მოსწონს თუ არა მათი სამართლებრივი შეფასებები.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 88 ხმით იქნა მხარდაჭერილი მოქმედი ომბუდსმენის კანდიდატურა. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც 2012 წლის შემდეგ შეძლო ადამიანის უფლებების აღიარება, განმტკიცება და დაცვის უზრუნველყოფა, ეს არის ,,ქართული ოცნება’’ და სწორედ, ამ პოლიტიკური ძალის ღირსების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არ ვაპირებ თვალი დავხუჭო მსგავს უსამართლობაზე.ყოველთვის, ყურადღებით ვადევნებ თვალს ომბუდსმენის საქმიანობას და ანგარიშს, ასევე მისასალმებელი ფაქტია, რომ არც ერთი საერთაშორისო ან ადგილობრივი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან არ გაჩენილა პრეტენზიები მისი მისამართით”,- წერს დეპუტატი.

იუსტიციის მინისტრმა სახალხო დამცველის ე.წ. ციანდის საქმის ანგარიშის შეფასებისას აღნიშნა, რომ “უჩა ნანაუშვილი არის პირველი უსამართლო ომბუდსმენი საქართველოს ისტორიაში”.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, მინისტრის ასეთი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს.

“ეს არ არის პირველი განცხადება, მანამდეც მოგვისმენია ქალბატონი მინისტრისგან სხვადასხვა განცხადებები. მე მოკლედ გავცემ პასუხს, – მსგავსი განცხადებები პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას აზიანებს, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების თვალში. პირადული ნამდვილად არაფერი. ეს ალბათ უკავშირდება იმ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ამახვილებდა ყურადღებას. ასევე, უკავშირდება იმას, რომ სახალხო დამცველი არ ხუჭავს თვალს სერიოზულ და სისტემურ დარღვევებზე, მათ შორის იმ მიმართულებით, რომელსაც ქალბატონი წარმოადგენს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

იტვირთბა....