თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, მისი თვითმიზანი მერიიდან თანამშრომლების გაშვება არ არის. კალაძის თქმით, ის არავის ერჩის და ყველა მერიის თანამშრომელი თბილისელების ინტერესების გამტარებელი იქნება. მისი განცხადებით, გატარდება რეფორმები, გაუმჯობესდება მუნიციპალური სერვისები.
“ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის როგორც მერია, ასევე გამგეობები იყოს ორიენტირებული ადამიანებზე, ადამიანის კეთილდღეობაზე, უნდა იყოს გაუმჯობესებული მუნიციპალური სერვისები, შესაბამისად, რეფორმები განხორციელდება. რა როგორ იქნება, უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება ყველასთვის. თვითმიზანი არ არის ვიღაცეების გაშვება, ჩვენ არავის ნამდვილად არ ვერჩით,” – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერი საკრებულოს დასამტკიცებლად დღეს დედაქალაქის მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. საკრებულო მერის მოადგილეებთან ერთად გამგებლებიც უნდა დაამტკიცოს. თუმცა თბილისის ახალი მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება მმართველ გუნდს ოპოზიციის გარეშე მოუწევს. ოპოზიცია წარდგენილ კანდიდატებს მხარს არ უჭერს.
პრეტენზიები დეპუტატებს ძირითადად მერიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურასთან დაკავშირებით აქვთ. ოპოზიცია ნიკოლოზ იგივე ნუგზარ ჭონქაძის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებებზე მიუთითებს, სადაც ხდება ძალადობისკენ მოწოდებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირება.