ექსპერტი გია ხუხაშვილი ლოგიკურად მიიჩნევს მოსაზრებას, რომ ბოლო სამთავრობო ცვლილებებით პრემიერი კვირიკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატობას მიუახლოვდა.
იმ შემთხვევაში თუ, შს მინისტრი გახარია, ან ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე სამომავლოდ პრემიერად მოიაზრებიან, ხუხაშვილი თვლის, რომ პრეზიდენტობა კვირიკაშვილისთვის შესაფერისიც იქნება, ვინაიდან ქვეყნის პირველი პირის სტატუსი “თამადის სტატუსს მიუახლოვეს”.
თუმცა ხუხაშვილი ამბობს, რომ კონკურენცია კანდიდატურებთან დაკავშირებით, სამთავრობო გუნდის შიგნითაც მოსალოდნელია: “ის, რომ კვირიკაშვილი შესაძლებელია საპრეზიდენტო კანდიდატი გახდეს, ეს ლოგიკურია. პრეზიდენტის სტატუსი თამადის სტატუსს ძალიან მიუახლოვეს და ვიცით, რომ კვირიკაშვილისთვის თამადობა არის კარიერის პიკი და არაერთხელ უთქვამს ამის შესახებ.
ასე, რომ მისი ოცნებაც ახდება და შესაფერისი იქნება ეს სტატუსი მისთვის, რა თქმა უნდა თუ არჩევნებს მოიგებს ქართული ოცნება. ასეთი განვითარება შესაძებელია, რამდენად რეალურია ამაზე ვერაფერს გეტყვით. მე არ ვფიქრობ,რომ ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია იმიტომ, რომ ქართულ ოცნებაში ჩამოყალიბდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც აქვთ თავისი გრძელვადიანი მიზნები. ასე, რომ გარკვეული კონკურენცია ჩემის აზრით, ამ მხრივ იქნება და ყველაფერი გადაწყდება იმისდა მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. სტრატეგიული ხაზი ამ კუთხით ქართულ ოცნებაში არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. თებერვალი-მარტისკენ კანდიდატების ქასთინგი გაიმართება და მაშინ რაღაცაზე ჩამოყალიბდებიან”,- განუცხადა ხუხაშვილმა “პირველ რადიოს”.
წყარო: “პირველი რადიო”