პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი “ციანიდის საქმეზე” სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება.
“სახალხო დამცველის ხედვა ამ შემთხვევაში არ არის მოსამართლის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მექანიზმი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ სამართალს, რაც ქვეყანაში არსებობს და სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულობა. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ვხელმძღვანელობთ სინოდის განჩინებით. სინოდმა განაჩინა, რომ მამალაძის საქმემ უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტანცია. ამ ინსტანციების გავლის შემდეგ კი, ჩამოყალიბდება საერთო პოზიცია განაჩენთან დაკავშირებით.
არაერთგზის განვაცხადე, რომ ეს იყო ჩვენთვის მძიმედ და ძნელად გადასატანი განსაცდელი. ეკლესია ბევრად დაზიანდა ამ ყველაფრით, შესაბამისად სხვა განცხადებები ჩვენ არ გაგვიკეთებია. მხოლოდ ვამბობდით, რომ უნდა დადგინდეს საქმეზე სიმართლე. რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო ეს ჩვენი ეკლესიისათვის, ეს უნდა მიგვეღო, როგორც მოცემულობა“ – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ომბუდსმენმა დეკანოზის საქმის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. ომბუდსმენის შეფასებით, მიუხედავად საქმის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, გამოძიება და სასამართლო პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა. ნანუაშვილის თქმით, მისი აპარატი იყო ერთადერთი ნეიტრალური ორგანო, რომელმაც პროცესის მონიტორინგი განახორციელა.