სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ სამთავრობო ცვლილებებზე კომენტარს აკეთებს.
“თანხებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ეს გარკვეულწილად სპეკულაციის თემაა ხშირ შემთხვევაში ოპონენტების მხრიდან წამოწყებული. როდესაც საუბარია, განსაკუთრებით პოპულიზმით გაჟღერებულ ფრაზებზე, თანხების დიდი რაოდენობით დაზოგვაზე, პენსიებში მიმართვაზე და ა.შ. პირველ რიგში, ამოცანაა ეფექტიანი მართვა. დასახულ მიზანს და ფუნქციებს, რომელსაც ესა თუ ის სამინისტრო ატარებდა, რომ ჩვენ უფრო მეტად ეფექტიანად ვაღწევდეთ, უფრო მეტი შედეგი გვქონდეს და საბოლოოდ, ეფექტიანობა იზომება რა დანახარჯებით, რა რესურსებით რა შედეგს ვიღებთ. ამაზეა საუბარი და არა იმაზე, რომ ჩვენი თვითმიზანი იყოს ამ შემთხვევაში თანხების გამოთავისუფლება, ან ადამიანების სამსახურიდან გაშვება. თუმცა, ოპტიმიზაცია კადრების და თანხების კუთხითაც მოხდება, რადგან ფუნქციების გაორება ვერ იქნება – ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება. ამ შემთხვევაში ძირითადად საუბარია ადმინისტრაციული ბლოკების გაერთიანებაზე.
როგორც აღვნიშნე, ორი ადმინისტრაცია ერთ სამინისტროს ვერ ეყოლება. ბუნებრივია, ორი ერთი და იგივე მხარდაჭერის დეპარტამენტი, ორი ფინანსური დეპარტამენტი და ა.შ. ვერ ეყოლება. აქ მარტივია, რომ ეს ეკონომია და ეს ოპტიმიზაცია იარსებებს, თუმცა ფუნქციური მიმართულებები, პირიქით, გასაძლიერებელია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, გარემოს დაცვითი მიმართულებით, ტყის მენეჯმენტის მიმართულებით, ზედამხედველობის მიმართულებით და ა.შ. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის განვითარების ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. მთავარი ფუნქციები იქნება გაძლიერება”, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.