ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-ში ქართული ღვინო სხვადასხვა ღონისძიებებზე წარადგინეს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართული ღვინო, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთ ღონისძიებაზე იყო წარდგენილი.

ქართული ღვინო შემდეგ ღონისძიებებზე წარდგა: ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში გამართული ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენები RAW NY და RAW LA, ასევე, ღვინის მსხვილი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და მედიისთვის გამართული სპეციალიზირებული დეგუსტაცია-პრეზენტაციები.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს, ქართული ღვინის დეგუსტაციებს ცნობილი ამერიკელი ღვინის მწერალი და პროფესიონალი ელის ფეირინგი უძღვებოდა.

ღონისძიებების ფარგლებში ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფის, მოგზაურისა და ღვინის მწერლის, კარლა კაპალბოს წიგნის Tasting Georgia-ს პრეზენტაციაც გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, თამთა ყველაიძის შეფასებით, გამართულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ აშშ-ში ქართული ღვინის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მზარდია, რაც აისახება კიდეც ექსპორტის მონაცემებში.

„ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში RAW-ს გამოფენებზე ქართული ღვინის წარდგენა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს აშშ-ში, რომელიც რჩება ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრად. ამავე ქალაქებში გაიმართა სამი დეგუსტაცია – ორი ნიუ-იორკში და ერთიც ლოს-ანჟელესში, რაც იძლევა შესაძლებლობას, ქართული ღვინო გაიცნონ საერთაშორისო რეპუტაციის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებმა და პოტენციურმა იმპორტიორებმა“, – აღნიშნა თამთა ყველაიძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 395 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 68%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. 50 ექსპორტიორ ქვეყანას შორის, მიმდინარე წელს აშშ მე-9 ადგილზე გადავიდა. თამთა ყველაიძის თქმით, აშშ-ში ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალი გაცილებით დიდია და აქედან გამომდინარე, 2018 წელს ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგულ ღონისძიებებს ამ ქვეყანაში აქტიურად გააგრძელებს.

იტვირთბა....