საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი მოსაზრებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მისი კანდიდატურა ომბუდსმენის პოზიციაზე განიხილება.
“მე ვთვლი, რომ ჩემი გამოცდილებითა და ცოდნით შევძლებ პასუხი გავცე ამ გამოწვვევას, რადგან ეს მართლაც საპასუხისმგებლო პოზიციაა და უმნიშნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტია. თუ იქნება შესაბამისი შემოთავაზება, ვფიქრობ, რომ მაქვს მონაცემები იმისთვის, რომ ამ პოზიციაზე შევძლო ქვეყნისა და ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვა.
ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ლოგიკურ საფუძველს, რატომ შეიძლება მმართველმა პარტიამ თქვას უარი არა მხოლოდ ჩემზე, არამედ ნებისმიერ გამოცდილ და საზოგადოების სხვადასხვა წრეებში ნდობით მოსარგებლე ადამიანებზე. ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი სწორედ ამ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. ასევე არ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი კანდიდატი აკმაყოფილებს საქართველოში ამ მოცემულობას, ნამდვილად ბევრი ღირსეული ადამიანია” , – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, კონსულტაციები ჯერჯერობით არ ყოფილა. რაც შეეხება, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესებს, ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს.