ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში დღეს მარტოხელა დედის სტატუსის ცვლილებაზე იმსჯელეს. ინიციატივა უმრავლესობის წევრს ლევან გოგიჩაიშვილს ეკუთვნის.
ცვლილების თანახმად, ერთ-ერთი მშობლის მიერ საქორწინო ურთიერთობაში შესვლის შემდეგ, მარტოხელა მშობლის სტატუსის ავტომატურად აღარ გაუქმდება.
სამოქალქო კოდექსში შესატანი ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველი იქნება ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მეორე მშობლის შესახებ ჩანაწერის შეტანა, შვილის (შვილად აყვანილი პირის) მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა, ასევე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოებები, რომლებიც გამორიცხავს მარტოხელა მშობლის სტატუსის ქონას.
“ნელ-ნელა, შესაძლებლობების გარგლებში, გაგრძელდება ამ სოციალური ჯგუფის ინტერესების დაცვა, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი ბევრ პრობლემებს აწყდებიან. ეს ცვლილება არის გზავნილი, რომ სახელმწიფო სერიოზულად იწყებს ამ საკითხთან დაკავშირებით ფიქრს. ჩვენ ვაპირებთ რეალობიდან გამომდინარე ძალიან სერიოზული რეფორმების ჩატარებას, რათა ამ ადამიანების ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
გამოცემა “ლიბერალის” ცნობით, ამ მიმართულებით ცვლილების აუცილებლობას ვერ ხედავს ჯანდაცვის კომიტეტი და ჯანდაცვის სამინისტრო.
მათი პოზიციაა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1226-ე მუხლი (მამინაცვალი და დედინაცვალი, რომელთაც საკმაო სახსრები აქვთ, მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი ან/და შრომისუუნარო გერი, რომელსაც დახმარება ესაჭიროება, თუ იგი იმყოფება მათთან აღსაზრდელად ან სარჩენად და არა ჰყავს მშობლები ან არ შეუძლია მათგან მიიღოს თავისი სარჩენი სახსრები) მითითებას აკეთებს მამინაცვლისა და დედინაცვლის მიერ არასრულწლოვანი გერის მიმართ აღზრდის მოვალეობის ვალდებულებაზე, რის გამოც საკანონმდებლო ცვლილებას მიზანშეუწონლად მიიჩნევენ.
2017 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოში მარტოხელა დედის სტატუსი 1539 ადამიანს აქვს.